Indeed.com სამუშაო აღწერას ასე განმარტავს: დოკუმენტი, რომელიც პოზიციისთვის საჭირო მოვალეობებს, კვალიფიკაციასა და უნარებს აერთიანებს.
თუმცა, სამუშაო აღწერაში, ხანდახან უფრო მეტის წაკითხვაა შესაძლებელი: როგორი სამუშაო კულტურა აქვს კომპანიას, რა პრიორიტეტები აქვს და რას შეიძლება ითხოვდეს კომპანია „დაფარულად“. ამ „დაფარული“ მოთხოვნების აღმოჩენამ, შეიძლება, სამუშაოს მაძიებელს სხვა აპლიკანტებთან შედარებით, უპირატესობა მოაპოვებინოს.
HBR-ის დაკვირვებით, ყველაზე წარმატებულმა კანდიდატებმაგასაუბრებისას აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით ფორმალურ სამუშაო აღწერაში მითითებულ ინფორმაციაზე მეტი იციან. HBR გვთავაზობს ხუთ მეთოდს, რომელიც აპლიკანტს დაეხმარება გაიგოს არა მარტო რა, არამედ ვინ სჭირდება კომპანიას:
განსხვავება „აუცილებელსა“ და „სასურველს“ შორის: სამუშაო აღწერაში ფრაზები „აუცილებელია“ და „სავალდებულოა“ გულისხმობს იმას, რომ ამ მოთხოვნის მიხედვით ჩამოწერილი უნარების არ არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ პოზიციაზე კანდიდატი არ განიხილება.
თუმცა, არ არის აუცილებელი კანდიდატი აკმაყოფილებდეს იმ უნარებს, რომელიც ფრაზების, „სასურველია“ და „უპირატესობა მიენიჭებას“ ქვეშ არის განსაზღვრული. ეს კი ნიშნავს, რომ აპლიკანტს კონკურსში მონაწილეობა შეუძლია. სასურველი უნარები კი სხვა უნარებით უნდა ჩაანაცვლოს, მაგალითად ისეთი, როგორიცაა როგორიცაა ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების, დავალების ხარისხიანად შესრულების, სხვა ენაზე გამართულად საუბრისა თუ საჯარო გამოსვლების უნარები.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანი მოთხოვნები ყოველთვის სამუშაოს აღწერის თავშია განთავსებული. ხშირად, ბოლოს მიწერილი მოთხოვნები კომპანიის HR მენეჯერის მიერ, ავტომატურად არის მითითებული.
HBR-ის რჩევის მიხედვით, აპლიკანტს არ უნდა გამორჩეს სამუშაო აღწერაში მითითებული ისეთი უნარები, როგორიცაა „გუნდური მუშაობის უნარი“, „კომუნიკაციის უნარი“ და ა.შ. ეს ჩამონათვალი ხშირად ორგანიზაციის სამუშაო კულტურას უსვამს ხაზს. კანდიდატის მიერ ამ უნარების წარმოჩენა კი სამოტივაციო წერილში ან ინტერვიუს დროს არის შესაძლებელი.
კომპანიის სამუშაო კულტურა: ხშირად, სამუშაოს აღწერის ტონიც კი კომპანიის კულტურის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. კომპანიის სამუშაო კულტურის აღმოჩენისთვის, დააკვირდით თუ როგორ ესაუბრება დამსაქმებელი აპლიკანტს სამუშაო აღწერიდან, როგორ იყენებს სასვენ ნიშნებს, რა ტიპის მოთხოვნებს განსაზღვრავს სამუშაოს შესასრულებლად.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად კომპანიები სამუშაო აღწერის შაბლონებს იყენებენ, საიდანაც არ ჩანს, თუ როგორი სამუშაო კულტურის მატარებელია კომპანია. შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში ამ კრიტერიუმებისთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს.
სამუშაო გამოცდილების წლები. ტიპურ სამუშაო აღწერაში, დამსაქმებელი აპლიკანტისგან კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის რამდენიმე წლიან გამოცდილებას ითხოვს. სამუშაო აღწერაში მითითებული ეს მოთხოვნა, ყოველთვის გასათვალისწინებელი არ არის, შესაძლებელია დამსაქმებელს სამუშაო აღწერაში 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჰქონდეს მითოთებული. თუმცა, აღნიშნულ პოზიციაზე არსებული მოვალეობების შესრულება, შეიძლება 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატსაც შეეძლოს.
დამსაქმებელისთვის სასურველ კანდიდატს არსებული პოზიციისთვის საჭირო სიმწიფე და დაკისრებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. სამუშაო გამოცდილების წლები კი მსგავის ფილტრაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. თუ კანდიდატი დამსაქმებელს საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად კონკრეტულ მაგალითებს მოუყვანს, სამუშაო აღწერაში მითითებული წლები, შესაძლოა, განხილვას დაექვემდებაროს.
ამასთან, დამსაქმებლისთვის სამუშაო გამოცდილება კარგი ინდიკატორია იმისათვის, რომ გაიგოს, თუ რამდენი ხანი მოუწევს კონკრეტული კანდიდატის სამუშაოს შესრულებლად სწავლება. კანდიდატს სწრაფად ათვისების უნარის არსებობაც შეუძლია დაადასტუროს იმით, რომ დამსაქმებელს მის მიერ, დამოუკიდებლად შესწავლილი საქმიანობების შესახებ მოუყვეს.
პოზიციის დასახელება. სამუშაოს მაძიებლები სამუშაო აღწერის კითხვისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას პოზიციის დასახელებას ანიჭებენ. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კომპანიის ხასიათიდან და სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, ერთი კომპანიის „კოორდინატორის“ საქმიანობა შეიძლება იდენტური იყოს სხვა კომპანიის „მენეჯერის“ საქმიანობისა.მაგალითისთვის, ორგანიზაცია არა „მარკეტინგის მენეჯერს“, არამედ იმ ადამიანს ეძებს, ვინც ამ პოზიციაზე დაკისრებულ პასუხისმგებლობეს გაუმკლავდება. ასე რომ, პოზიციის დასახელებიდან კონკრეტული დასკვნების გამოტანა არასწორია. აპლიკანტმა ამ პოზიციაზე შესასრულებელი სამუშაოები ყურადღებით უნდა შეისწავლოს.
დისტანციური სამუშაო. თანამედროვე ტექნოლოგიებმა და პანდემიამ დისტანციური მუშაობა კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა. ამიტომ თუ სამუშაო აღწერაში სავალდებულო ფიზიკური დასწრება არ არის ნახსენები, არსებობს იმის შანსი, რომ სამუშაო დისტანციური იყოს.
ამას სტატისტიკაც ადასტურებს, აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბოუროს 2019 წლის მონაცემების მიხედვით, ამერიკის სამუშაო ძალის დაახლოებით 24% ნახევარ სამუშაო დროს მაინც დისტანციურად მუშაობაში ატარებს. ამასთან, FlexJobs & Global Workplace Analytics-ის კვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წელს დისტანციური სამუშაოს რაოდენობამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 44%-ით მოიმატა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში - 91 %-ით.
მაშინაც კი, თუ სამუშაო აღწერაში მითითებულია, რომ ოფისიდან მუშაობა აუცილებელია, კომპანიამ საუკეთესო კადრისთვის შესაძლოა გამონაკლისი დაუშვას. ამიტომ, თუ სამუშაო აღწერაში მითითებული ეს პირობა აპლიკანტის ცხოვრების წესსა და საცხოვრებელ ადგილს ვერ ერგება, მან შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას. მას შემდეგ რაც პოტენციურ დამსაქმებელს საკუთარი ნიჭითა და უნარებით მოხიბლავს, ამ საკითხზეც უნდა ესაუბროს.
კარიერის ექსპერტების მტკიცებითმომზადება სამსახურის ძიების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამუშაო აღწერის გაშიფვრა მომზადების პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია. ეს ტაქტიკა შესაძლოა, სამუშაოს საპოვნელად გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.