სამსახურის ძიებისას გასაუბრების ეტაპზე ყველაზე გავრცელებული და შეიძლება უხერხული შეკითხვაა კითხვა ანაზღაურების ოდენობის შესახებ. კერძოდ, თუ როგორია კანდიდატის სახელფასო მოლოდინები.
მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა თუ არა კანდიდატს ჩამოყალიბებული პოზიცია სასურველი ანაზღაურების შესახებ, გასაუბრებაზე ამ კითხვის დასმა ბევრ ადამიანს აბნევს. განსაკუთრებით რთულია პასუხის გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ეს კანდიდატისთვის პირველი გასაუბრებაა ან კანდიდატმა არ იცის თუ როგორია კონკრეტული პოზიციისთვის საშუალო ანაზღაურება შრომით ბაზარზე.
ბევრი ინტერვიუერი ანაზღაურების შესახებ კითხვაზე პასუხად კონკრეტულ რიცხვს ელოდება. კონკრეტული რიცხვის დასახელება შეიძლება რეკომენდირებული არ იყოს, რადგან ერთის მხრივ, თუ კანდიდატი დაბალ რიცხვს დაასახელებს, შეიძლება იმაზე ნაკლები ანაზღაურება მიიღოს, ვიდრე დამსაქმებელს შეეძლო გადაეხადა და პირიქით, თუ კანდიდატი შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებას მოითხოვს, შეიძლება სამსახურის შეთავაზების გარეშე დარჩეს. მნიშვნელოვანია პასუხი სტრატეგიულად დაგეგმილი იყოს, რადგან შემდგომში ბევრი რამ არის დამოკიდებული საწყის ანაზღაურებაზე, მაგალითად, ბონუსები, დამატებითი ბენეფიტები და ხელფასის გაზრდა.
Harvard Business Review გვიზიარებს რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეიძლება ანაზღაურების შესახებ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა:
სტრატეგია 1 - კითხვის შებრუნება
ბევრი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება კანდიდატს არ სურდეს ანაზღაურების შესახებ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა. ნებისმიერ შემთხვევაში, მიზეზის მიუხედავად უფლება გაქვთ თქვენი პოზიცია სურვილის შესაბამისად გამოხატოთ. თუ არ გსურთ ანაზღაურების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი გზა - შეატრიალოთ კითხვა და თავად გამსაუბრებელს თხოვოთ სახელფასო ბიუჯეტის გაზიარება ან თავი აარიდოთ კითხვაზე პასუხის გაცემას და დაუბრუნდეთ უნარებზე და კვალიფიკაციაზე მსჯელობას.
სტრატეგია 2 - შესთავაზეთ სასურველიანაზღაურების ფარგლები
თუ თვლით, რომ პოზიციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია გაქვთ და შეგიძლიათ ანაზღაურების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემა, ან თუ თქვენი მცდელობები თავიდან აგერიდებინათ ხელფასზე საუბარი, წარუმატებლობით დასრულდა, შეგიძლიათ გამსაუბრებლებს განუსაზღვროთ სასურველი ანაზღაურების სავარაუდო ფარგლები.
ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გასაუბრებამდე შეისწავლოთ შრომით ბაზარზე კონკრეტული პოზიციისთვის არსებული ანაზღაურება და შესაბამისად მოამზადოთ ინფორმირებული პასუხი. დაათვალიერეთ სამსახურის საძიებო ვებ გვერდები, ვაკანსიებში მითითებული ხელფასის ოდენობა, გაესაუბრეთ სხვადასხვა პროფესიონალებს თქვენი ინდუსტრიიდან. თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეუსაბამეთ ვაკანსიის მოთხოვნებს, ბაზარზე არსებულ ფარგლებს და ასე განსაზღვრეთ სასურველი ხელფასის მოცულობა. გასაუბრებისას, მომავალ დამსაქმებელს გაუზიარეთ თქვენი მოლოდინი და დამატებით მოძიებული ინფორმაცია. ხაზი გაუსვით თქვენს განსაკუთრებულ უნარებს და გამოცდილებას, ასევე იმას, რომ ხელფასი სამსახურში ანაზღაურების ერთერთი შემადგენელი ნაწილია და დაინტერესებული ხართ სხვა ბენეფიტებითაც.
მაგალითისთვის შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქვემოთ მოცემული ფორმულირებით:
„ჩემთვის მნიშვნელოვანია მქონდეს კონკურენტუნარიანი ხელფასი, რომელიც ასახავს ჩემს უნარებს და გამოცდილებას. ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩემი სახელფასო მოლოდინია x -დან y-მდე. ცხადია, მზად ვარ განვიხილო დამატებითი დეტალები. ხელფასი ანაზღაურების ერთ-ერთი სემადგენელი ნაწილია. განსაკუთრებით მაინტერესებს კომპანიის შიგნით ზრდის, სწავლის და განვითარების შესაძლებლობები.“
რატომ სვამენ ამ შეკითხვას მენეჯერები და რეკრუტრები?
მოკლე პასუხი ამ კითხვაზე ამგვარია - მათ აინტერესებთ რამდენად შეუძლიათ კანდიდატის მოლოდინების დაკმაყოფილება. რეკრუტერის საუკეთესო ინტერესში შედის არ დახარჯოს საკუთარი და თქვენი დრო, ჩაატაროს გასაუბრებების სერია, შემოგთავაზონ სამსახური იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის ნაწილში მოლოდინები ერთმანეთს ვერ ემთხვევა. დამსაქმებლები ამ შეკითხვას ყოველთვის დასვამენ გასაუბრების ეტაპზე, რადგან ნებისმიერი პოზიცია შემოსაზღვრულია კონკრეტული ბიუჯეტით, შესაბამისად, მათი ვალდებულებაა წინასწარ განსაზღვრონ კანდიდატის მოლოდინები შეესაბამება თუ არ მათთან არსებულ ბიუჯეტს იქამდე, სანამ გასაუბრების შემდეგ ეტაპზე გადავლენ.
კანდიდატის პერსპექტივიდანაც საინტერესოა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ანაზღაურებაზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლის პროცესში კანდიდატისთვისაც ნათელი ხდება კომპანიის ბიუჯეტის და საკუთარი მოლოდინების თანხვედრა, ასევე მომავალი დამსაქმებლის პოზიცია სხვადასხვა ბენეფიტებზე.
წყარო - https://hbr.org/2023/02/how-to-answer-what-are-your-salary-expectations?ab=HP-hero-for-you-text-2