რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დაგვისვეს კითხვა - “რა ენაზე უნდა გამოგიგზავნოთ CV?” ყოყმანისა და ზედმეტი ფიქრის გარეშე, კიდევ ერთხელ ვუპასუხეთ, რომ ქართულ ან ინგლისურ ენაზე, თუმცა უმჯობესია ინგლისურ ენაზე.
გავრცელებული პრაქტიკაა, CV-ს ქართულ ან ინგლისურ ენაზე შედგენა. თუმცა, რა არის სწორი და როგორ შეაფასებს დამსაქმებელი კანდიდატს იმის მიხედვით, თუ რა ენაზე მიიღო CV - ეს საკმაოდ საინტერესო მსჯელობის საგანია.
პატარა ისტორია - ჩვენთან, CV-ს მხოლოდ ინგლისურ ენაზე შედგენა დამკვიდრდა 90-იანი წლებიდან, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი პროექტები ( მაგ: USAID, UNDP, Mercy Corp და სხვ.) საუკეთესო დამსაქმებლებად მოიაზრებოდნენ. მოგვიანებით, დასაქმების ბაზარზე განვითარდა ქართული ორგანიზაციებიც, რომელებსაც ხუმრობა იქით იყოს და ნამდვილდად სჭირდებოდათ ინგლისური ენისა და კომპიუტერის მცოდნე თანამშრომლები. მოიაზრებოდა, ინგლისურ ენაზე შედგენილი CV ერთერთი საშუალება იყო კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის დონის შესაფასებლად. ამ მოსაზრების დასადასტურებლად შეგახსნებთ, რომ 90-იან წლებში საქართველო არ წარმოადგენდა რომელიმე სამთავრობო თუ პოლიტიკური საერთაოშრისო გაერთიანების ასოცირებულ წევრს.
ვინაიდან 90-იანების შემდეგ საინტერესო პროგრესი განიცადა დასაქმების ბაზარმა და საერთაშორისო ორგანიზაციების საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი წარმატებით ჩაიბარეს ქართულმა კომპანიებმა, CV-ის ინგლისურ ენაზე შედგენის წესი არ შეცვლილა და შესაბამისად, ხშირად გვაინტერესებს, რა ენაზე უნდა გავუგზავნოთ კომპანიას ჩვენზე ინფორმაცია, როდესაც ვიცით, რომ კომპანია ქართულია და მენეჯმენტიც ქართულია.
მცირე გამოკითხვა გავაკეთეთ კომპანიის წარმომადგენელებშიც და ხშირად მოვისმენეთ “პრინციპში, სულერთია”. როგორც ჩანს, კრიტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს “ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნას”, რადგან დღეს ეს ცოდნა ერთადერთ კონკურენტულ უპირატესობას ნამდვილად აღარ ქმნის და რაც მთავარია, თითქმის ყველა საუბრობს ინგლისურადაც და კომპიუტერი კი ყველა ოჯახის მაგიდაზე მოიძებნება
თუ რეკრუტერებისათვის “სულერთია”, თუ ქართული ორგანიზაციები არიან ძირითადი დამსაქმებლები და თუ jobs.ge-ზეც ვაკანსიები ქართულ ენაზე ცხადდება, მაშინ რა ენაზე უნდა გავაკეთოთ CV?
ჩვენი სუბიექტური აზრით, ინგლისურ ენაზე CV უფრო ელეგანტურად გამოიყურება. ამ შეფასებასაც თავისი სუბიქეტური ახსნა მოეძებნება - ვინაიდან მიჩვეულები ვართ ინგლისურ ენაზე CV-ის შედგენას, გუგლით მოძიებული საუკეთესო ნიმუშებიც ინგლისურ ენაზეა, ქართულ ენაზე CV-ის შედგენის დიდი პრაქტიკაც არ არსებობს და არ ვიცით, როგორ გამოიყურება ქართული CV-ის საუკეთესო ნიმუში, ვამბობთ რომ “მოდი იყოს CV ინგლისურ ენაზე” და ვფიქრობთ - “უფრო კარგია”.
ჩვენი აზრით, შესაძლებელია და სასურველიც, რომ ქართულ კომპანიებს ქართულ ენაზე გავუგზავნოთ ჩვენი CV, ხოლო იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო დონეზე ოპერირებენ ან ვაკანსია მოითხოვს სხვადასხვა ქვეყნებთან კომუნიკაციას, ჯობია ინგლისურ ენაზე მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენზე. ამის საუკეთესო მაგალითად გამოდგება ბოლო დროს რუსულ ენაზე შექმნილი CV-ების სიხშირე, როცა კანდიდატები ამ ქმედებით ადასტურებენ საკუთარ სურვილს გახდნენ კომპანიის კანდიდატები.
და კიდევ ერთი რჩევა - ორ ენაზე CV-ს გაგზავნას ჯობია, გადაამოწმოთ კომპანიის რეკრუტერთან თუ რა ენაზე ფიქრობენ ან ურჩევნიათ მიიღონ კანდიდატებზე ინფორმაცია და CV.
ავტორი: მედეა ტაბატაძე