მზარდ მრავალფეროვან და მულტიკულტურულ კორპორატიულ სამყაროში, კონფლიქტის მოგვარების უნარები ყველა ლიდერისთვის აუცილებელი უნარებია. ბუნებრივია, რომ სამუშაო სივრცეში, სადაც თავს იყრის ბევრი სხვადასხვა წარსულის, კულტურის მქონე ადამიანი, წარმოიშვება აზრთა სხვადასხვაობა და კონფლიქტები. მოუგვარებელი კონფლიქტები ცუდ გავლენას ახდენს ინდივიდუალურად თითოეულ დასაქმებულზე, გუნდზე და კომპანიაზე. კონფლიქტების ეფექტური მართვისთვის მნიშვნელოვანია მენეჯერი იყოს ყურადღებიანი, მიუკერძოებელი, შეძლოს ცვლილებებთან ადაპტირება.
კონფლიქტები, გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით, შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად - 1. კონფლიქტი, რომელიც დაიწყო სხვა თანამშრომლის გაკიცხვით, 2. პასუხისმგებლობის უარყოფით და 3. ღირებულებების შეუთავსებლობით. ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, ადამიანები განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებენ საკუთარი ღირებულებების და მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით.
კონფლიქტის წარმოშობისთანავე, ადამიანები ან საკუთარ თავს აბრალებენ მას ან პირიქით, სხვა ადამიანებზე გადააქვთ ბრალი. ზოგჯერ, გამოხატავენ კონფლიქტის გამო არსებულ ბრაზს, ან პირიქით საერთოდ არ საუბრობენ პრობლემაზე.
კონფლიქტის დაწყებისას მნიშვნელოვანია შეჩერდეთ, დააკვირდეთ და განსაზღვროთ თქვენი ემოციები და ფიქრები. გამოუხატავი ემოციები ხელს შეგიშლით სხვებთან კონტაქტის დამყარებაში, რაც აუცილებელია გამოსავლის პოვნისთვის.
Forbes გვიზიარებს 8 ნაბიჯს, რომელიც უნდა გადადგათ კონფლიქტური სიტუაციის მოსაგვარებლად სამსახურში:
1. კონცენტრირდით გამოსავლის პოვნაზე - თქვენ ვერ გააკონტროლებთ სხვა ადამიანების ფიქრებს, აზრებს და ქმედებას, თუმცა, შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი პასუხი. იფიქრეთ გამოსავლის პოვნაზე და ამგვარად შეიცვება თქვენი ფიქრებიც, გონება დაიწყებს შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვას.
2. განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები - დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები - რა მჭირდება? რა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის? რა იქნებოდა სხვანაირად, მე რომ მივიღო ჩემთვის სასურველი შედეგი? რა იქნება ჩემთვის სასურველი შედეგისგან მიღებული ბენეფიტები? რა მოხდება თუ ვერ მივაღწევ მიზანს?
3. ჰკითხეთ მეორე მხარეს, თუ რა სჭირდებათ მათ - მშვიდად გამოკითხეთ მეორე მხარე მათი საჭიროებების შესახებ. შეიძლება ეს სურვილები თქვენთვის უკვე ნათქვამი აქვთ, თუმცა საკმარისი ყურადღება არ დაუთმეთ. სცადეთ გაარკვიოთ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და რატომ.
4. იპოვეთ საერთო - განსაზღვრეთ შეთანხმებისთვის აუცილებელი გადაკვეთის წერტილები, რა არის კონფლიქტის მონაწილეებისთვის საერთო. მაგალითად, შეიძლება ორივე მხარეს უნდოდეს ახალი პროცედურების დანერგვა ან საკუთარი გუნდისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევა.
5. ხაზი გაუსვით ურთიერთობების მნიშვნელობას - აღნიშნეთ და გამოხატეთ, რომ კონფლიქტის მიუხედავად, თქვენთვის მნიშნელოვანია პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნება.
6. მოუსმინეთ აქტიურად - მოუსმინეთ იმისთვის, რომ გაიგოთ. მიეცით მეორე მხარეს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. თავი აარიდეთ დასკვნების წინასწარ გამოტანას.
7. განიხილეთ კონფლიქტის გადაჭრის შესაძლო გზები - რა შეიძლება იყოს კონფლიქტის მოგვარების გზა რომელიც შეესაბამება ორივე მხარის საჭიროებებს?
8. შეისვენეთ და გაერიდეთ მწვავე კონფლიქტს - თუ კონფლიქტი მწვავე და ტოქსიკურ სახეს იღებს, ისარგებლეთ შესვენებით. შესვენების პერიოდი შეიძლება იყოს 15 წუთი ან მთელი კვირა. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ მიუკერძოებელ მედიატორს.
წყარო - 8 Steps To Effectively Handle Workplace Conflict (forbes.com)