ტრადიციული სამუშაო დრო, როგორც წესი იწყება დილის ცხრა საათზე და სრულდება ექვსზე. დროის ეს მონაკვეთი მოიცავს შესვენების დროს, თუმცა უმეტესწილად სამსახურთან დაკავშირებული დავალებების შესრულებას ეთმობა.
კომპანია Muse-ის 2022 წლის ტვინის ჯანმრთელობის ანგარიშის თანახმად, საუკეთესო შედეგები ტვინის ჯანმრთელობის მხრივ, რაც მოიცავს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრირების უნარს, ძილს, განწყობას, პროდუქტიულობას და კრეატიულობას, აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცვლიან ცხოვრების წესს. მაგალითად, მუშაობენ არანორმირებული სამუშაო საათებით.
არანორმირებული სამუშაო საათები გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამუშაო დრო არ ემთხვევა ტრადიციულ ცხრიდან ექვს საათამდე შუალედს. არანორმირებული სამუშაო განრიგი მორგებულია დასაქმებულის ენერგიის ცვალებადობაზე. დღის განმავლობაში ადამიანები განიცდიან ენერგიების მოზღვავების და პროდუქტიულობის განსხვავებულ დონეებს. მაგალითად, შეიძლება ყველაზე პროდუქტიული იყოთ დილას. შესაბამისად, თქვენთვის უფრო მისაღებია სამუშაო დღე დაიწყოთ 9 საათზე ან კიდევ უფრო ადრე, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაზარდოთ პროდუქტიულობა. ამ მიდგომისგან განსხვავებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად პროდუქტიულები საღამოს საათებში არიან. ასეთ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, სამუშაო დღე დაიწყეთ გვიან. დღის პირველი ნაწილი კი გამოიყენეთ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.
იძულებით მუშაობამ დღის იმ მონაკვეთში, როდესაც თავს უენერგიოდ და არაპროდუქტიულად გრძნობთ, შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, ძილის რეჟიმის არევა და აღმოჩნდეთ გაუსაძლის რუტინაში, რომლიდანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია.
სამუშაო დღის დაგეგმვისას, მნიშვნელოვანია, სწორად დაგეგმოთ შესვენების დროც. კვლევის თანახმად, ტვინი უფრო მეტად ჯანმრთელი იყო იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც დღიურ რუტინაში დიდ დროს უთმობდნენ ფიზიკურ და მენტალურ დასვენებას. მაგალითად, სეირნობდნენ ფეხით, მიმართავდნენ მედიტაციას ან ატარებდნენ დროს მეგობრებთან და თანამშრომლებთან.
გაითვალისწინეთ, რომ დასვენებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოშორდეთ კომპიუტერის ეკრანს. მიეცით თვალებს დასვენების შესაძლებლობა და დაკავდით რაიმე ფიზიკური აქტივობით, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ივარჯიშეთ. მედიტაცია და სუნთქვის ვარჯიშები დაგეხმარებათ მენტალურ დასვენებაში და სტრესის განმუხტვაში.
არანორმირებული სამუშაო საათები განსაკუთრებით იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ და მათი სამუშაო იზომება შედეგებით და არა ნამუშევარი საათების რაოდენობით.
არანორმირებული სამუშაო საათების არჩევა მარტივდება, თუ დამსაქმებელს აქვს ლოიალური მიდგომა სამუშაო განრიგთან მიმართებით. თუ თქვენი კომპანია არ უჭერს ამგვარ კულტურას, შეგიძლიათ თქვენი პირადი სამუშაო დრო დაგეგმოთ ენერგიის დონეების მიხედვით და იმუშავოთ მაშინ, როდესაც თავს განსაკუთრებით პროდუქტიულად გრძნობთ.
თქვენზე მორგებული სამუშაო პერიოდის პოვნას შეიძლება ბევრი მცდელობა და შეცდომა დასჭირდეს. თუმცა, ყველაფერი როდესაც თავის მოწესრიგებულ რუტინაში ჩადგება, გაიზრდება თქვენი კმაყოფილება, უფრო მეტად იგრძნობთ კავშირს სამსახურთან და კოლეგებთან.
წყარო - A nonlinear workday might help you be more productive (fastcompany.com)