გარდა უამრავი წარმატებული სერიალებისა და ფილმებისა, ნეტფლიქსი ცნობილია მისი გამორჩეული კორპორატიული კულტურით. მათთვის მნიშვნელოვანია საუკეთესო შედეგების მიღწევა და ამისთვის საუკეთესო ტალანტების მოძიება და დაქირავება.
ნეტფლიქსში არსებობს ე.წ. keepers test. ამ ტესტის თანახმად, ლიდერებმა უნდა უპასუხონ ორ მთავარ კითხვას: 1. თუ X თანამშრომელს უნდა სამსახურიდან წასვლა, ვიბრძოლებ თუ არა მის დასატოვებლად? და 2. რომ მცოდნოდა ყველაფერი რაც ახლა ვიცი, მაშინ, როდესაც X თანამშრომელი სამსახურში ავიყვანე, მივიღებდი თუ არა იმავე გადაწყვეტილებას?
თუ ამ ორივე კითხვაზე პასუხი უარყოფითია, კომპანია თვლის, რომ ამ თანამშრომელს უნდა დაემშვიდობონ. ტესტი შეიძლება ცოტათი საშიშად და ხისტად ჩანდეს, თუმცა კომპანიაში შექმნილია იმგვარი გარემო, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი აზრი, ესაუბროს საკუთარ მენეჯერს, ერთად განიხილონ რა საქმეები სრულდება კარგად და რა პრობლემები არსებობს. ამგვარი კომუნიკაცია საუკეთესო საშუალება ცუდი სიურპრიზების თავიდან ასარიდებლად.
ნეტფლიქსი უპირატესობას ანიჭებს ღირებულებებს და სამუშაოს შესრულებას, მისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია წესები და კონტროლი. სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა კომპანიის წარმატება. კომპანიის მიზანია შექმნას საუკეთესო ტალანტებით დაკომპლექტებული ოცნების გუნდი. ნეტფლიქსში თანამშრომლებს აღიქვამენ როგორც სპორტულ გუნდად და არა ოჯახად.
ოჯახში ერთმანეთი უპირობოდ უყვართ. პროფესიული სპორტის გუნდები კი ყურადღებას ამახვილებენ საუკეთესო შედეგებზე და ცდილობენ თითოეული პოზიციისთვის სწორი ადამიანის პოვნას, თუნდაც ეს ნიშნავდეს საყვარელი ადამიანის სხვა ადამიანით ჩანაცვლებას.
ნეტფლიქსის მიზანია არა მართოს, არამედ მისცეს ინსპირაცია და შესაძლებლობები. დასაქმებულები უკეთ მუშაობენ, როდესაც აქვთ გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება.
შეიძლება თვლიდეთ, რომ ამგვარი თავისუფლება საბოლოოდ ქაოსს გამოიწვევს, თუმცა, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულმა კულტურამ დიდი წარმატება მოუტანა კომპანიას. ინდუსტრიის სპეციფიკის გათვალისწინებით, კომპანიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე კრეატივის და ინოვაციურობის ნაკლებობაა. ნეტფლიქსმა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად დასაქმებულებს მაქსიმალური თავისუფლება მისცა, ის მოუწოდებს იყვნენ მაქსიმალურად გახსნილები სხვების მიმართ, ყველა დონეზე ჰქონდეთ გახსნილი კომუნიკაცია, გასცენ უკუკავშირი მიუხედავად კორპორატიული იერარქიებისა.
მიუხედავად წარმატებული შედეგებისა, ნეტფლიქსში თვლიან, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ადამიანებისთვის იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც ყველა გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას და ცდილობს უკეთესი გახდეს, საუკეთესო გზაა წარმატების მისაღწევად. ნეტფლიქსი ზრუნავს არა არსებული კულტურის შენარჩუნებაზე არამედ მუდმივად ახალი პრაქტიკების დანერგვასა და განვითარებაზე.
წყარო - https://www.forbes.com/sites/jackkelly/2024/06/27/how-to-cope-and-thrive-in-a-challenging-corporate-culture-like-netflix/