კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ლიდერები ხშირად დიდ ყურადღებას აქცევენ საკომუნიკაციო პლატფორმებს, სხვადასხვა ტექნიურ გადაწყვეტებს, მაშინ როდესაც დასაქმებულებისთვის კომუნიკაციის საშუალებაზე მნიშვნელოვანი მისი ფორმაა. Forbes-ის მიერ გაზიარებული კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს მათი აზრით რა არის კომუნიკაციის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილები. ბიზნეს ლიდერების 66%-მა უპასუხა - პლატფორმები, მაშინ როდესაც დასაქმებულების მხოლოდ 36%-მა მიუთითა იგივე კრიტერიუმი. დასაქმებულების უმრავლესობა, 54% თანხმდება, რომ სწორი კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი კომუნიკაციის ტონია.
პლატფორმები ამარტივებენ კომუნიკაციას და ნაწილობრივ აგვარებენ პრობლემას. წარმატებული კომუნიკაციისთვის აუცილებელია ვისწავლოთ როგორ უნდა დავამყაროთ ურთიერთობა იმგვარად, რომ გამოვხატოთ პატივისცემა, ემპათია, ინტერესი.
საუბრის და მოსმენის უნარი ავტომატურად არ ნიშნავს სხვების გაგების და მათთან ურთიერთობის საუკეთესო უნარებს. გუნდთან ურთიერთობისას, არასწორად დაგეგმილმა კომუნიკაციამ შეიძლება ტოქსიკური გარემო შექმნას.
ღია კითხვების დასმა დიალოგის მეორე მხარეს აძლევს საკუთარი აზრის შეუზღუდავად გამოხატვის საშუალებას. ასეთ დროს თქვენ უფრო მეტ ინფორმაციას იღებთ და შესაბამისად, უფრო მარტივად შეგიძლიათ სიტუაციაში გარკვევა. ღია კითხვების დასმა მჭიდროდ არის დაკავშირებული აქტიურად მოსმენის უნართან.
ღია კითხვების რამდენიმე მაგალითი - როგორ წარმოგიდგენია შენი როლის განვითარება გუნდში და ორგანიზაციაში? რა გჭირდება ჩემგან მიზნების მისაღწევად? შენი აზრით რომელ საკითხებს უნდა მივაქციოთ უფრო მეტი ყურადღება მიმდინარე კვარტალში?
ღია კითხვების დასმისას გაითვალისწინეთ შემდეგი მახასიათებლები:
- კითხვა ქვეტექსტის გარეშე;
ხშირად, ამის გააზრების გარეშე, კითხვები ჩვენს წინასწარ განწყობებს ან ქვეტექსტს შეესაბამებიან. ასეთ დროს, თითქოს წინასწარ ვიცით პასუხი და კითხვასაც იმგვარად ვსვამთ, რომ ჩვენთვის სასურველი პასუხი მივიღოთ. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ ზოგადად იკითხოთ რას ფიქრობს დასაქმებული კონკრეტულ ტრენინგზე, შეიძლება ჰკითხოთ მოეწონა თუ არა დღევანდელი ტრენინგი. ასეთი კითხვა ჩაკეტილი კითხვაა, რაზეც პასუხი შეიძლება კი ან არა იყოს. კითხვის ფორმულირება პოზიტიურია და იწვევს პოზიტიურ შეფასებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამგვარად დასმულ კითხვაზე პასუხი არა იქნება. კითხვები უნდა იყოს ნეიტრალური და ობიექტური მათზე სრული და ამომწურავი პასუხის მისაღებად.
- კითხვითი სიტყვების გამოყენება;
ღია კითხვები როგორც წესი, კითხვითი სიტყვებით იწყება - როდის, სად, როგორ და სხვა. შეეცადეთ არ გამოიყენოთ „რატომ“ დასაწყისი, რადგან ასეთ შემთხვევაში რესპოდენტი შეიძლება თავდაცვით პოზიციაში ჩადგეს და სწორად ვერ აღიქვას თქვენ მიერ დასმული შეკითხვა.
- წაახალისეთ თანამონაწილეობა;
საუბრისას ჩაეკითხეთ თანამოსაუბრეს და წაახალისეთ მისი თანამონაწილეობა. დასვით დამაზუსტებელი კითხვები - შეგიძლია უფრო დაწვრილებით მომიყვე? ამან თავი როგორ გაგრძნობინა? ამ გადაწყვეტილებამდე როგორ მიხვედით?
კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც უნდა გახსოვდეთ ნებისმიერ ადამიანთან საუბრისას, იქნება ეს თქვენი გუნდის წევრი, მენეჯერი თუ პარტნიორი, ერთი სიტყვით გამოიხატება - ცნობისმოყვარეობა. თუ თქვენი მიზანია ყველა დიალოგს გულწრფელი ყურადღებით მიუდგეთ და მოისმინოთ რისი თქმა სურს მეორე მხარეს, თქვენ გახდებით ეფექტური ლიდერი, რომელიც მოახერხებს გუნდის წევრების და კომპანიის ნდობის მოპოვებას.
წყარო - https://www.forbes.com/sites/rachelwells/2024/03/04/5-questions-powerful-leaders-ask-in-2024/?sh=50354eb63c79