საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების ჩუქება ახალი წლის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. ბოლო რამდენიმე წელია, საჩუქრების გაცვლის პოპულარულ გზად „საიდუმლო სანტას“ თამაში იქცა. ამ თამაშს დიდი სიხარულით ვთამაშობთ ოჯახში, მეგობრების წრესა თუ სამსახურში და „საიდუმლო სანტაობა“ ჩვენი ახალი წლის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა, ცოტა თქვენგანს ეცოდინება მისი წარმოშობის ისტორია.
„საიდუმლო სანტას“ თამაშის წესები შემდეგია: თამაშის მსურველები თავის სახელებს სხვადასხვა მეთოდით ათამაშებენ ერთმანეთში. საჩუქარი ანონიმურად უნდა აჩუქო მას, ვისი სახელიც ამოგივა. სწორედ ანონიმურობის წესის გამო ჰქვია თამაშს „საიდუმლო სანტა“. თურმე, თამაშის ზოგიერთ ვერსიაში, მოთამაშეები თავისი სანტის გამოცნობასაც კი ცდილობენ.
„საიდუმლო სანტას“ თამაშის ტრადიცია დასავლეთიდან მოდის. პირველ საიდუმლო სანტად ქველმოქმედი, სახელად ლერი დინ სტიუარტია მიჩნეული. USA Today-ის მიხედვით, სტიუარტი 25 წლის განმავლობაში ანონიმურად ჩუქნიდა კანზასში მცხოვრებ ადამიანებს 100 დოლარიან ჩეკებს. 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ მან 100 დოლარიანი ჩეკების სახით, ჯამურად 25 000 დოლარი დაურიგა ნიუ იორკელებს. ანონიმური საჩუქრების ავტორის ვინაობა საზოგადოებისთვის კი მხოლოდ 2006 წელს გახდა ცნობილი.
საქართველოში და აშშ-ში ამ თამაშს „საიდუმლოს სანტას“ სახელით იცნობენ, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში მას სხვა სახელი ჰქვია. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ამ თამაშს „კრის კრინგლის“ უწოდებენ, ირლანდიაში კი - „კრის კინდლის“. კანადაში, ავსტრალიასა და ავსტრიაში ამ თამაშის ზემოთ ჩამოთვლილ სამივე დასახელებას შეხვდებით. გერმანიაში მას “Wichteln-ს” უწოდებენ, რაც სიტყვა “Wichtel-დან“ მოდის და იგი გობლინად ან ელფად შეგვიძლია ვთარგმნოთ.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით „საიდუმლო სანტა“ სკანდინავიის ქვეყნებიდან იღებს სათავეს. მას „ჯუკლაპს“ უწოდებენ. ჩვენთვის ცნობილი თამაშის წესებისგან განსხვავებით, თამაშის ამ ვერსიაში ადამაინები ერთმანეთს სახლის კართან უტოვებენ საჩუქრებს - აკაკუნებენ და გარბიან.
დღეს „საიდუმლო სანტა“ იმდენად პოპულარული თამაშია, რომ სხვადასხვა ონლაინ პლათმორმების საშუალებით (მაგალითად Reddit) ადამიანები მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით თამაშობენ და საჩუქრებს უცხო ადამიანებს უგზავნიან.
„საიდუმლო სანტას“ თამაშის მთავარი წესი და ამასთან მომხიბვლელობა ანონიმურობაში მდგომარეობს. ჩვენ ყველანი ვცდილობთ ჩვენი საჩუქარი ადრესატისთვის სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელი გახდეს. თამაშს სასიამოვნოს ის შეგრძნებაც ხდის, რომ მეორე ადამიანი შენზე ფიქრობს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტად გასიამოვნოს.
ახლა თქვენ უკვე იცით „საიდუმლო სანტას“ ისტორია. და რამდენად კრეატიული იყო თქვენი სადუმლო სანტა?