გრძნობთ, რომ ყველა თქვენ ირგვლივ „გადამწვარია“? შობის დღესასწაული ჯადოსნურია, თუმცა, ეს პერიოდი შეიძლება სტრესით და შფოთვით სავსე იყოს. წლის ბოლოს, როგორც წესი სამსახურში წლიური შეფასებები იწყება, რასაც ემატება დედლაინები და გადატვირთული სოციალური კალენდარი. ამერიკელი ფსიქიატრების ასოციაციის კვლევის თანახმად, ამერიკელების 31% გასულ წელთან შედარებით უფრო მეტ სტრესს ელოდებიან 2022 წლის ბოლოს. LinkedIn-ის ჩატარებულ გამოკითხვაში კი, გამოკითხულთა 54%-მა მიუთითა, რომ საახალწლო დასვენებების წინ მათ ცხოვრებაში სტრესის დონე იმატებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, გადაწვა არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია სამსახურში გამუდმებული სტრესისგან. წლის ბოლოს გადაწვა კი გადაღლილობის სინდრომია, რომელიც როგორც წესი ნოემბერსა და დეკემბერში იჩენს თავს.
Forbes გვიზიარებს 5 რჩევას, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ წლის ბოლოს გადაწვის სინდრომს:
1. გამოიყენეთ შვებულება, დაისვენეთ;
Zippia-ს 2022 წელს ჩატარებულ კვლევაში, გამოკითხულთა 55%-მა მიუთითა, რომ არ იყენებენ შვებულების დღეებს. მიზეზები მრავალგვარია - ჩანაცვლების შიში, უკან დაბრუნებისას სამუშაოს სიჭარბე და სხვა. სინამდვილეში, დასვენებას შეუძლია თქვენი ცხოვრების გადარჩენა. დასვენება თქვენი კეთილდღეობის, პროდუქტიულობის და წარმატებულად მუშაობის აუცილებელი ნაწილია. შესვენების აღება ამცირებს სტრესს, ზრდის სწავლის შესაძლებლობას. საუკეთესო იდეები მოგივათ მაშინ, როდესაც თქვენი გონება სტრესისგან თავისუფალი და დასვენებულია.
2. განსაზღვრეთ შესასრულებელი საქმეების პრიორიტეტები;
თუ გადაღლა გამოწვეულია ჭარბი სამუშაოთი, დროა თქვენი პროექტები პრიორიტეტების მიხედვით გადაალაგოთ. გადახედეთ თქვენს საქმეებს და დაალაგეთ ისინი მნიშვნელობის მიხედვით. თუ საჭირო იქნება, ჩანიშნეთ შეხვედრა თქვენს მენეჯერთან და ერთად გადაწყვიტეთ რომელი დავალებები მოითხოვს სწრაფ გადაწყვეტას, რომელი დავალებების გადადება შეგიძლიათ შემდეგი წლის დასაწყისისთვის. დიდი პროექტები, შესაძლებლობის შემთხვევაში, დაყავით პატარა ნაწილებად. ამ მეთოდის გამოყენებით, ისინი უფრო მარტივად შესასრულებელი გახდება.
გადატვირთული კალენდრის შესამსუბუქებლად, მოახდინეთ თქვენი დავალებების დელეგირება. უმჯობესია, თქვენი დავალება სხვას გადასცეთ, იმის ნაცვლად, რომ გაუშვათ მნიშნელოვანი ვადები, ან იმდენად გადაიღალოთ, რომ ვეღარ იმუშავოთ.
3. შეიმუშავეთ სტრესთან გასამკლავებელი მექანიზმები;
წლის ბოლოს გადაწვის გამომწვევი მთავარი მიზეზი საკუთარ თავზე ზრუნვის ნაკლებობაა. დღის განმავლობაში მოიწყვეთ პატარა შესვენებები. მნიშვნელოვანია, მოიწესრიგოთ ძილის, ვარჯიშის და ჯანსაღი კვების რეჟიმი.
თუ ცუდი დღე გაქვთ სამსახურში, შეგიძლიათ გარეთ გახვიდეთ. სუფთა ჰაერზე თუნდაც რამდენიმე წუთიანი გასეირნება, შეამცირებს სტრესის დონეს და მოგცემთ დასვენების საშუალებას.
4. ითხოვეთ დახმარება;
თუ წლის ბოლოს გადაწვას მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარებისთვის მიმართეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, შესაბამის პროფესიონალებს. შეგიძლიათ მიმართოთ უშუალო უფროსს ან HR-ს და მოიძიოთ ინფორმაცია კომპანიის მენტალური ჯანმრთელობის ბენეფიტების შესახებ.
5. შეიმუშავეთ ჯანსაღი ლიმიტები;
დისტანციურად მუშაობისას რთულია სამუშაო საათების დასრულება. სამუშაო წლის ბოლოს გადაწვის თავიდან ასაცილებლად, დროა საკუთარ თავს ჯანსაღი ლიმიტები დაუწესოთ. მაგალითად, სამუშაო საათების შემდეგ არ შეამოწმოთ სამსახურის ელექტრონული ფოსტა. ლიმიტების შემუშავების შემდეგ, შეატყობინეთ თქვენი გუნდის წევრებს მათ შესახებ. მაგალითად, თუ გინდათ რომ არ დაგირეკონ სამუშაო საათების შემდეგ, უთხარით გუნდის წევრებს დღის რომელ მონაკვეთში იქნებით ხელმისაწვდომი. თუ გსურთ, რომ შვებულებისას მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში დაგიკავშირდნენ, კარგად განმარტეთ რა იგულისხმება გადაუდებელ აუცილებლობაში. თუ დამსაქმებელი ამ ლიმიტებს დაარღვევს, გააკეთეთ შესაბამისი მითითება.
არ დანებდეთ სამუშაო წლის ბოლოს გადაწვას. იპოვეთ მასთან გასამკლავებელი პროდუქტიული გზები. საკუთარ თავს მიეცით დასვენების საშუალება და ახალ წელს შეხვდით განახლებული ენერგიით.