სამწუხაროდ, ე.წ. job ghosting - გაუჩინარება, დასაქმების პროცესის ჩვეულებრივი ნაწილი გახდა. ასეთ დროს, დამსაქმებელი მოულოდნელად ყველანაირ კონტაქტს წყვეტს კანდიდატთან, იმის იმედით, რომ აპლიკანტი თავად მიხვდება, რომ მას კონკრეტული პოზიციისთვის აღარ განიხილავენ.
ტრადიციულად, ვაკანსიისთვის შერჩევის პროცესი აპლიკანტის მიერ რეზიუმეს გაგზავნით იწყება. რეზიუმეს განხილვის შემდეგ, კანდიდატი გადადის გასაუბრების ეტაპზე, სადაც რამდენიმე სხვადასხვა ადამიანს ხვდება რამდენიმე თვის განმავლობაში. კანდიდატი მომავალი დამსაქმებლისგან ელოდება სამსახურის კონკრეტული შეთავაზების მიღებას, თუმცა მისი მოლოდინები და აღფრთოვანება უფასურდება, თუ დამსაქმებელი წყვეტს მასთან კომუნიკაციას. ის აღარ პასუხობს ზარებს, მეილებს, ლინკდინზე დატოვებულ შეტყობინებებს. ეს უეცარი სიჩუმე, როგორც წესი, ნიშნავს, რომ კომპანიამ კანდიდატთან თანამშრომლობის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.
ცივი უყურადღებობა და უკუკავშირის არსებობა დამაბნეველია კანდიდატისთვის. აპლიკანტი თავს მოტყუებულად გრძნობს, მან დიდი დრო და რესურსი ჩადო გასაუბრების პროცესში, შეექმნა მოლოდინები შედეგების მიმართ. კონსტრუქციული უკუკავშირის გარეშე, კანდიდატმა არ იცის რა გააკეთა არასწორად, არ იცის როგორ გამოასწოროს მისი უნარები და გამოიყენოს გამოცდილება შემდეგი გასაუბრებისთვის.
გაუჩინარების გავრცელებული მიზეზები
დამსაქმებლები გაუჩინარებას მაშინ მიმართავენ ხოლმე, როდესაც უკვე იპოვეს კანდიდატი კონკრეტული პოზიციისთვის, დააწინაურეს არსებული დასაქმებული, შეიცვალა მათი პრიორიტეტები, გადააწყდნენ ფინანსურ სირთულეებს, იპოვეს საკითხის ტექნიკური გადაწყვეტა და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში უეცარი გაუჩინარება კომპანიაში ტოქსიკურ გარემოზე მიანიშნებს. ამგვარ დამსაქმებლებს არაეთიკური დამოკიდებულება აქვთ კანდიდატების მიმართ და დიდი ალბათობით, არც დასაქმებულებს ეპყრობიან განსაკუთრებული პატივისცემით.
დამატებით, შეიძლება მიზეზი ისიც იყოს, რომ რეკრუტერებს ყოველდღიურად უამრავი რეზიუმეს გადარჩევა უწევთ, საქმის სიმრავლიდან გამომდინარე, კი რთულია ყველა კანდიდატისთვის პერსონალიზირებული პასუხის დაბრუნება.
ზოგიერთი რეკრუტერისთვის და მენეჯერისთვის რთულია კანდიდატისთვის უარის თქმა ან ნეგატიური უკუკავშირის მიწოდება. ისინი თავს არაკომფორტულად გრძნობენ, ეშინიათ კანდიდატის რეაქციის. ამიტომ ამჯობინებენ ტექნოლოგიებს ამოეფარონ და იმედი იქონიონ, რომ კანდიდატი თავად გაუჩინარდება.
შიშის ფაქტორი
დამსაქმებლის მხრიდან მუდმივი შიში არსებობს, რომ კანდიდატისთვის უარის თქმისას ნათქვამი ნებისმიერი მიზეზი არასწორად იქნეს აღქმული, მაგალითად, მიეწეროს რასისტული, სექსისტური ან ნებისმიერი სხვა ნიშნით დისკრიმინაციული შინაარსი. არავის სურს კარიერის დანგრევა ამ მიზეზით, შესაბამისად, ხანდახან მენეჯერები ამჯობინებენ საერთოდ არაფერი თქვან.
გარდა დამსაქმებლის გაუჩინარებია, თავად კანდიდატიც შეიძლება გაუჩინარდეს დასაქმების პროცესიდან სხვადასხვა მიზეზების გამო - ახალი შეთავაზების მიღება, არაკომფორტული გარემო ინტერვიუზე და ა.შ. ხანდახან კანდიდატები იმდენად შორსაც კი მიდიან, რომ ეთანხმებიან მიღებულ შეთავაზებას და შემდეგ სამსახურში პირველ დღეს არ ცხადდებიან. შეიძლება დაიწყონ კიდეც მუშაობა, თუმცა ყოველგვარი ოფიციალური გაფრთხილების გარეშე შეწყვიტონ სამსახურში სიარული.
როგორ დავიბრუნოთ თვითშეფასება დამსაქმებლის გაუჩინარების შემდეგ
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. დამსაქმებლების გაუჩინარება კანდიდატების შერჩევის პროცესის არაოფიციალური ნაწილი გახდა.
ნებისმიერ ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნისას, გაიაზრეთ რომ პასუხის მიუღებლობა, სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ ამ როლისთვის არ შეგარჩიეს. ეს უარი პიროვნული არ არის, უბრალოდ კონკრეტულ ვაკანსიაზე შეიძლება ათასობით კანდიდატი განიხილებოდეს.
კონკრეტული დამსაქმებლის მიმართ განცდილი უსამართლობის შეგრძნება და იმედგაცრუება სხვა გასაუბრებაზე არ გაიყოლოთ. რეკრუტერი აუცილებლად შეამჩნევს თქვენს ნეგატიურ განწყობას გასაუბრებაზე, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს შერჩევის პროცესზე.
დამსაქმებლის გაუჩინარების შემდეგ, მიეცით თავს დასვენების და განტვირთვის დრო. გააკეთეთ რაიმე პოზიტიური საკუთარი თავისთვის, დაკავდით საყვარელი ჰობით, სპორტით, ნებისმიერი საქმით რაც თავდაჯერებულობას გაგიზრდით. შეახსენეთ თავს თქვენი უნარები და წინა გამარჯვებები.
შემდეგ ინტერვიუზე წასვლამდე შეისწავლეთ კომპანია, ხომ არ არიან შემჩნეულები გაუჩინარებაში. თუ ამგვარ მაგალითებს მოისმენთ, შეგიძლიათ თავიდანვე მომზადებული შეხვდეთ ამ ფაქტს.
წყარო - Job Ghosting: Why Employers Ghost Candidates During The Interview Process (forbes.com)