მსოფლიო დიდი ცვლილებების წინაშე დგას. ტექნოლოგიური მიღწევები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ხელოვნური ინტელექტი წლების წინ მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი იყო, დღეს კი - ჩვენი რეალობაა. ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ის ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.
ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ინტეგრაცია, სამუშაო ადგილების მომავლის შესახებ ბევრ კითხვას ბადებს. ბუნებრივია ადამიანების ღელვა, მათ აინტერესებთ ტექნოლოგიების ჩართულობა ნეგატიურად ხომ არ აისახება მათ სამსახურზე. განსაკუთრებით ის კატეგორია ღელავს, რომელსაც ნაკლები შეხება აქვს ტექნოლოგიებთან, მათ მიაჩნიათ რომ ამგვარი ჩარევა დააზიანებს მათ კარიერას და გამოიწვევს მასობრივ შემცირებებს.
თანამედროვე სამყაროში ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება. ლიდერები, რომლებსაც ამ პერიოდში უწევთ კომპანიის მართვა, დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. ისინი უნდა მოერგონ ცვალებად გარემოს, შეცვალონ აზროვნების სტილი და ტრადიციული მიდგომები.
განგრძობითი სწავლების მნიშვნელობა
კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, მომავალში ყველა ლიდერს დასჭირდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის საჭირო უნარების სწავლა. განგრძობითი სწავლება ყოველდღიური პროფესიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.
ამ მიდგომით ლიდერები მოახერხებენ შეუნარჩუნონ მოქნილობა და მარტივად მოერგონ სიახლეებს. მათ წინასწარ ექნებათ ათვისებული მოთხოვნადი უნარები - ხელოვნური ინტელექტის ინჟინერია, მონაცემების მეცნიერება და სხვა.
განგრძობითი სწავლების ფილოსოფია მხოლოდ ახალი უნარების შეძენას არ გულისხმობს. ამ მიდგომაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცნობისმოყვარეობას და ცვლილებებისთვის ღიაობას. ლიდერებმა კომპანიაში უნდა შექმნან გარემო, რომელიც დასაქმებულებს მუდმივი ზრდისკენ მოუწოდებს. ამის მაგალითი კი პირველ რიგში თავად უნდა მისცენ.
როგორ შეიძლება განგრძობითი სწავლების დანერგვა
კომპანიებმა დასაქმებულებს უნდა შესთავაზონ სწავლების სხვადასხვა საშუალებები. ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ კონკრეტული დასაქმებულებისთვის, არამედ კომპანიებისთვის, რომელთა მთავარი მიზანი ხელოვნური ინტელექტის გაურკვეველ მომავალში სწორად ნავიგაციაა. განგრძობითი სწავლების მთავარ სტრატეგიად დასახვა კომპანიებს აძლევს ტექნოლოგიურ რბოლაში დაწინაურების შესაძლებლობას.
მნიშვნელოვანია ლიდერებმა ექსპერიმენტები აქციონ სწავლების ნაწილად. სწავლის პროცესში დასაქმებულებს მიეცით შეცდომების შიშის გარეშე დაშვების შესაძლებლობა. ეს მათ დაეხმარებათ საჭირო უნარების გამომუშავებაში, ხელოვნური ინტელექტის ყველა ფუნქციის დატესტვაში, ამავდროულად კი წაახალისებთ ცნობისმოყვარეობას და ადაპტურობას.
დასაქმებულებს მათი ინტერესების შესაბამისად შესთავაზეთ სხვადასხვა პროგრამა, ტრენინგი, კურსი და ა.შ. ამით ხელს შეუწყობთ კომპანიაში განგრძობითი სწავლების კულტურის ჩამოყალიბებას. დასაქმებულებს მისცემთ შესაძლებლობას იზრუნონ კარიერულ განვითარებაზე და პროფესიულ ზრდაზე. საუკეთესო ლიდერები, მათი გუნდის წევრებს უქმნიან გარემოს, სადაც შეუძლიათ თავად აირჩიონ განვითარების სასურველი გზა და აძლევენ ამ მიზნისკენ სწრაფვის შესაძლებლობას.
წყარო - https://www.fastcompany.com/91051221/this-is-the-mindset-that-leaders-need-to-have-in-the-age-of-ai