რეზიუმეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი უნარების და ძლიერი მხარეების მითითებაა. ბევრი კანდიდატი უშვებს შეცდომას და რეზიუმეში მხოლოდ წარსულ გამოცდილებებს უთითებს. ისინი არ უთითებენ რა უნარები განავითარეს ან გამოიყენეს კონკრეტულ პროექტზე მუშაობისას.
Forbes გვიზიარებს რამდენიმე რჩევას თუ როგორ შეიძლება მივუთითოთ რეზიუმეში ჩვენი ძლიერი მხარეები და უნარები:
1. განსაზღვრეთ რელევანტურობა;
არ არის აუცილებელი რეზიუმესი ჩამოწეროთ ყველა ტიპის უნარი, რაც თქვენი კარიერის დასაწყისიდან დღემდე შეიძინეთ. წლების მანძილზე, გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, უამრავ ტექნიკურ და რბილ უნარსაც დააგროვებთ, თუმცა ყველას მითითება რეკომენდირებული არ არის. რეზიუმე მოკლე და კონკრეტული უნდა იყოს. გადახედეთ თქვენთვის სასურველი ვაკანსიის სამუშაო აღწერილობას და თქვენი უნარები შეუსაბამეთ ამ მოთხოვნებს.
2. რეზიუმეში ცალკე გამოყავით უნარების გრაფა;
ცალკე გრაფა დაუთმეთ უნარებს და ძლიერ მხარეებს. რეზიუმე ზოგადადაც უნდა შეიცავდეს თქვენი ძლიერი მხარეების დემონსტრირებისთვის სხვადასხვა მაგალითებს, თუმცა ცალკე გრაფის გამოყოფაც მნიშვნელოვანია. ეს გრაფა განათავსეთ რეზიუმეს დასაწყისში, პროფესიული აღწერის შემდეგ და განათლების შესახებ ინფორმაციის მითითებამდე.
3. დააჯგუფეთ უნარები;
მარტივად აღსაქმელად, იმისთვის რომ საქმე გაუმარტივოთ რეკრუტერს, უფრო ეფექტური იქნება უნარების და ძლიერი მხარეების კატეგორიების მიხედვით დაჯგუფება. მაგალითად, მიუთითეთ „ტექნიკური უნარები“ და შემდეგ შესაბამისი პროგრამების ჩამონათვალი - Adobe Photoshop, Figma, Canva, MS Office. თუ რამდენიმე ენას ფლობთ, ინფორმაცია ენების და მათი ცოდნის დონეების, სერტიფიკატების შესახებ გააერთიანეთ ერთ გრაფაში.
4. რბილი და ტექნიკური უნარების ბალანსი;
თუ ტექნიკურ ინდუსტრიაში მუშაობთ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტექნიკურ უნარებს, ხშირად, შეიძლება გამოგრჩეთ რბილი უნარების მნიშვნელობა და მათი მითითების აუცილებლობა. ტექნიკური უნარების პარალელურად არანაკლებ მნიშვნელოვანია კომუნიკაციის, პრობლემების მოგვარების, პროექტების მართვის რბილი უნარები
5. პერიოდულად განაახლეთ რეზიუმე;
სამუშაო ყოველდღიურობის გადატვირთულობის გამო, ხშირად, გვავიწყდება პიროვნული და პროფესიული მიღწევები. გამოყავით დრო და პერიოდულად გადახედეთ თქვენს რეზიუმეს. განაახლეთ რეზიუმე ყოველ ჯერზე როდესაც დაასრულებთ სასერტიფიკატო კურსს, შეიძენთ ახალ უნარს სამსახურში ან დაასრულებთ მნიშვნელოვან პროექტს. დარწმუნდით რომ თქვენი რეზიუმე ასახავს თქვენს ყველა მიღწევას.
წყარო - https://www.forbes.com/sites/rachelwells/2024/04/10/how-to-list-strengths-and-skills-on-your-resume-in-2024/?sh=499aabbc70ea