თანამედროვე, მუდმივად ცვალებად გარემოში ლიდერობის ტრადიციული მიდგომებიც ძირეულად იცვლება. ლიდერობისთვის საკმარისი აღარ არის ტექნიკური უნარები და გადაწყვეტილების მიღების უნარი. თანამედროვე ლიდერობა მოითხოვს ადამიანური ემოციების აღქმას და სხვების თანაგრძნობას. ემოციური ინტელექტი და ემპათია ეფექტური ლიდერობის აუცილებელი კომპონენტები ხდება. გლობალურ ბაზარზე, თანაბრად მნიშვნელოვანია ლიდერმა ემოციური, მჭიდრო კავშირი დაამყაროს არა მხოლოდ საკუთარ დასაქმებულთან, ასევე მომხმარებელთანაც. ლიდერს უნდა ესმოდეს მათი მოტივაციები და შეუქმნას მხარდამჭერი გარემო.
ემპათია გულისხმობს ადამიანის უნარს, გაიაზროს და გაიზიაროს სხვა ადამიანის გრძნობები, ხოლო ემოციური ინტელექტი არის საკუთარი და სხვისი ემოციების მართვის შესაძლებლობა. ამ ცნებებში ახალი არაფერია, თუმცა მათი ლიდერობის სტრატეგიაში ინტეგრირება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით, ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. Harvard Business Review-ის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ლიდერები, რომლებიც ავლენენ ემპათიას და ემოციურ ინტელექტს, მათ კოლეგებზე ეფექტურები არიან. კომპანიები, რომლებსაც ამგვარი პროფესიონალები მართავენ, ხასიათდებიან დასაქმებულების მეტი ჩართულობით და პროდუქტიულობით. ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერებს შეუძლიათ უკეთ გაუმკლავდნენ სტრესს და წნეხის დროსაც კი მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ეს უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ მსოფლიოში.
Forbes-ის სტატიაში საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს კრისტოფერ სტაინერი. მისი ისტორია იწყება 2009 წელს, ფიტნეს ინდუსტრიაში Lifestyle Ladies Power Plate Training-ის დაარსებით. მისი ხედვა ბიზნესის ფინანსურ წარმატებებს სცდება. მისი მიზანი იყო შეექმნა გარემო, სადაც ქალები იგრძნობდნენ საკუთარ სიძლიერეს და სადაც დაეხმარებოდნენ მათთვის სასურველი ფიტნეს მიზნების მიღწევაში. 2012 წლისთვის კომპანის 144-მდე ფილიალი გახსნილი იყო 6 ქვეყანაში და აგერერირებდა 100 მილიონამდე ევროს. ზრდის ეს მაჩვენებელი განპირობებული იყო არა მხოლოდ ბიზნესის წარმატებული მოდელით, არამედ სტაინერის ემპათიური მიდგომებით და ლიდერული უნარებით.
სტაინერი ხაზს უსვამს ემპათიურობის და ემოციური ინტელექტის ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს. გუნდის ლიდერის მთავარი პრიორიტეტი მუდმივად უნდა იყოს მისი გუნდის წევრების კეთილდღეობა. მისი ბიზნესის ახალი პარტნიორები, მუდმივად გრძნობენ მისგან მხარდაჭერას ახალი ფილიალების გახსნისას, სტაინერი მათ ეხმარება იპოვონ კარგი ლოკაცია, გაიარონ ტრენინგები, დაგეგმონ მარკეტინგული აქტივობები და ა.შ. მისი გუნდი ეხმარება ფრანჩაიზის ახალ წევრებს გააუმჯობესონ რბილი უნარები შესაბამისი ტრენინგების დახმარებით.
ემპათია მხოლოდ რბილი უნარი არ არის, ეს სტრატეგიის ნაწილია. გუნდის ემოციური მდგომარეობის გაგება დაგეხმარებათ სწორად მართოთ გუნდის ჩართულობა, ერთგულება და პროდუქტიულობა. როდესაც დასაქმებული გრძნობს თავს დაფასებულად, ის უფრო აქტიურად არის ჩართული სამუშაოს შესრულების პროცესში.
ემოციური ინტელექტის კონცეფიის მნიშვნელობა ბევრი კვლევით დასტურდება. დანიელ გოლმანი, ფსიქოლოგი, რომელმაც გახადა პოპულარული ტერმინი „ემოციური ინტელექტი“ თვლის, რომ ეს ფაქტორი განასხვავებს საუკეთესო ლიდერებს საშუალო დონის ლიდერებისგან. მისი მოსაზრებით, ემოციური ინტელექტი ხუთი კომპონენტისგან შედგება: საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი თავის მართვა, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარები. ლიდერები, რომლებიც ყველა კომპონენტს ფლობენ, შეუძლიათ საკუთარი ემოციების მართვა, კარგად უგებენ სხვებს და ეს განაპირობებს გუნდის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას.
ემოციური ინტელექტით მართვა არ ნიშნავს მხოლოდ ბედნიერი სამუშაო გარემოს შექმნას, იქ გულისხმობს ამ მეთოდებით კომპანიის შედეგების გაუმჯობესებას და რეალური ბიზნეს მიზნების მიღწევას.
სტაინერის ლიდერობის სტილს რამდენიმე მთავარი მახასიათებელი აქვს. პირველ რიგში, ის აფასებს ღია კომუნიკაციას - გუნდის წევრებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოხატვისთვის თავისუფალი და უსაფრთხო სივრცე. მნიშვნელოვანია სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი, გუნდის ლიდერს უნდა ესმოდეს, რომ ადამიანები მაშინ მუშაობენ საუკეთესოდ, როდესაც არ არიან გადამწვარები. გუნდში ბალანსის წახალისებით, უზრუნველყოფთ რომ გუნდი იქნება მოტივირებული და პროდუქტიული.
დიდი კომპანიებიც იწყებენ ამ პრაქტიკების გაზიარებას. მაგალითად, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, როგორიც არის Google და Microsoft, დანერგეს ემოციური ინტელექტის ტრენინგი ლიდერობის განვითარების პროგრამაში.
Future of Jobs Report-ის თანახმად, ემოციური ინტელექტი მომავლის შრომით ბაზარზე მოთხოვნად 10 უნარში შედის. პროცესების ავტომატიზირება და ხელოვნური ინტელექტის გააქტიურება გამოყოფს ადამიანური უნარების მნიშვნელობას.
ტექნოლოგიური მიღწევების ახალ ერაში ლიდერობის მომავლის ცნება თავიდან ყალიბდება ემპათიის და ემოციური ინტელექტის გამოყენებით. დასაქმებულების კეთილდღეობის პრიორიტიზირებით, კომპანიაში პატივისცემის და ურთიერთგაგების კულტურის დამკვიდრებით, ლიდერებს შეუძლიათ მიაღწიონ დიდ წარმატებას. ბიზნეს სამყარო განაგრძობს განვითარებას და ადამიანებს უფრო და უფრო მეტად სჭირდებათ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია მართოს არა მხოლოდ საკუთარი გონებით, არამედ გულითაც.
წყარო - https://www.forbes.com/sites/qhamirani/2024/07/18/empathy--emotional-intelligence-are-the-future-of-leadership/