მადლიერების გრძნობის გამოხატვა მნიშვნელოვანია პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. მადლიერების გამოხატვით ლიდერებს შეუძლიათ კომპანიაში გააუმჯობესონ სამუშაო კულტურა და შექმნან ჰარმონიული გარემო. Entrepreneur გვიზიარებს 3 გზას, თუ როგორ შეიძლება მადლიერებამ განაპირობოს კომპანიის წარმატება:
1. კორპორატიული კულტურის ცვლილება;
მადლიერების გამოხატვის კულტურის დამკვიდრებით კომპანიაში შეგიძლიათ შექმნათ პატივისცემით სავსე და პროდუქტიული სამუშაო გარემო. მადლიერების გამოხატვა გაზრდის დასაქმებულების ჩართულობას, ხელს შეუწყობს თანამშრომლებს შორის პოზიტიური კავშირების ჩამოყალიბებას.
ადამიანებს ხშირად უჭირთ ემოციების გამოხატვა. უხერხულობის დამარცხება და კულტურის ცვლილებაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მენეჯერებს ეკისრებათ. გამოხატეთ მადლიერება თქვენი კოლეგების მიმართ, აღიარეთ მათი მიღწევები და კონტრიბუცია. მაგალითად, Campbell-ის CEO-მ თავისი კარიერის განმავლობაში, დასაქმებულებს 30’000-მდე მადლიერების წერილი გაუგზავნა.
2. გაუმჯობესებული მომხმარებლების გამოცდილება;
მადლიერების კულტურის დანერგვას პოზიტიური შედეგები მოყვება კომპანიის შიგნით და გარეთ. კულტურის ცვლილების შემდეგ დასაქმებულები უფრო მეტად იქნებიან ჩართულები სამუშაო შესრულების პროცესში. დასაქმებულების ჩართულობა პირდაპირ არის დაკავშირებული მომხმარებლების მომსახურებასთან. ჩართული და პოზიტიური დასაქმებულები უკეთეს სერვისს შესთავაზებენ მომხმარებლებს.
მადლიერება შეგიძლიათ გაავრცელოთ პირდაპირ მომხმარებლებზე. მაგალითად, მადლობა გადაუხადოთ თქვენი კომპანიის და პროდუქტის არჩევისთვის. ამ გზით მომხმარებლები თავს უფრო დაფასებულად და მნიშვნელოვნად იგრძნობენ. მაგალითად, შეგიძლიათ დანერგოთ ლოიალობის პროგრამა, დაატრენინგოთ დასაქმებულები, თუ როგორ იყვნენ უფრო ემპათიურები და მადლიერები მომხმარებლებთან ურთიერთობისას.
3. პიროვნული თავდაჯერებულობა;
მადლიერება ბედნიერების მთავარი წყაროა. მადლიერების და დაფასების გამოხატვა ქმნის ერთიან სამუშაო გარემოს, აუმჯობესებს ადამიანის თვითშეფასებას და დაგეხმარებათ გახდეთ საკუთარი თავის უფრო თავდაჯერებული ვერსია. მადლიერების გამოხატვას პოზიტიური გავლენა აქვს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ზრდის თვითშეფასებას და ოპტიმიზმს. თანამედროვე სამუშაო ადგილზე ხშირად მუდმივი ქაოსი და გაურკვევლობაა. ამ რთულ გარემოში ნავიგაციისთვის, გჭირდებათ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია იყოთ. ლიდერები, რომლებსაც მაღალი თვითშეფასება აქვთ უფრო მეტად თავდაჯერებულები არიან გამოწვევების წინაშე, იღებენ უფრო ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს.
მადლიერების კულტურის დანერგვით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ კომპანია სხვადასხვა გზით, ჩამოყალიბდეთ უფრო პოზიტიურ, თავდაჯერებულ ბიზნეს ლიდერად, გაზარდოთ თქვენი დასაქმებულების და მომხმარებლების კმაყოფილება.
წყარო - 3 Ways Gratitude Can Help Set You Up for Business Success | Entrepreneur