არავინ იცის რა გველოდება წინ 2023 წელს, თუმცა ერთი რამ უდავოა, გზა ახალი გამოწვევებით იქნება სავსე. სწორედ ამიტომ, კომპანიებმა, რომლებიც დაინტერესებულები არიან თანამშრომლების შენარჩუნებით, უნდა გააუმჯობესონ სამუშაო ყოველდღიურობა და ყურადღება მიაქციონ მცირე დეტალებს.
თითოეული სამუშაო დღე ოთხი ძირითადი დეტალისგან შედგება - დილა, მეილები, შეხვედრები და ბრეინსტორმინგი. Forbes გვიზიარებს კომპანია Coda-ს ახალ კვლევას, რომელიც გვთავაზობს რჩევებს სამუშაო დღის თითოეული ეტაპის გაუმჯობესებისთვის:
1. უკეთესი დილა;
გამოკითხულთა 69%-მა აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებით კარგად მუშაობენ დილას. დილას ყოველდღიური შეხვედრების დანიშვნის ნაცვლად, გაუთავისუფლეთ ეს დრო დასაქმებულებს სამუშაოდ. შეხვედრები შეგიძლიათ სამუშაო დღის ბოლოს ჩაატაროთ. ამ შეხვედრებზე მიმოიხილეთ დღის განმავლობაში შესრულებული საქმეები და დაგეგმეთ შემდეგი დღე.
გამოკითხულთა 31%-მა მიუთითა, რომ ისინი პროდუქტიულად საღამოს საათებში მუშაობენ. გაითვალისწინეთ თქვენი გუნდის გამოცდილება და სამუშაო დილა შესაბამისად დაგეგმეთ.
2. უკეთესი მეილები;
გამოკითხულთა 84% უთითებს, რომ იტვირთებიან ბევრი მეილით. მეილებთან დაკავშირებული გამოცდილებები ინდივიდუალურია და განსხვავდება ერთმანეთისგან. ადამიანების გარკვეული ნაწილი აჯგუფებს მეილებს კრიტერიუმების შესაბამისად და ამგვარად იმარტივებს საქმეს, ნაწილი მეილებში ინიშნავს შესასრულებელ სამუშაოებს, ნაწილი კი მსგავსის სისტემის გარეშე აგროვებს წასაკითხ მეილებს.
გამოიკვლიეთ როგორია მეილების მიმართ განწყობა თქვენს გუნდში და შესაბამისად იმოქმედეთ. შეგიძლიათ ყოველდღიური მიმოწერებისთვის გამოიყენოთ სხვა საკომუნიკაციო საშუალებები, მეილები კი დატოვოთ უფრო დიდი მოცულობის მიმოწერისთვის, გარე შეტყობინებებისთვის და მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.
3. უკეთესი შეხვედრები;
გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ შეხვედრების დროს მთავარი პრობლემაა, უმნიშვნელო საკითებზე საუბარი, 21% - შეხვედრის შემდეგ გაუგებარია მიღებული გადაწყვეტილება და შესასრულებელი დავალებები, 13% კი თვლის, რომ შეხვედრები არ არის წარმატებული, რადგან არ ჰქონდათ საკმარისი მასალები და ინფორმაცია განსახილველი საკითხის შესახებ.
ამ შედეგების ანალიზით, აშკარაა რისი გაკეთება შეგიძლიათ შეხვედრების გასაუმჯობესებლად. უმნიშვნელო საკითხები განიხილეთ პირად საუბრებში შეხვედრის დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ შეხვედრაზე განიხილავთ მნიშვნელოვან საკითხს და მას ესწრება ყველა ჩართული ადამიანი. შეხვედრაზე დასახეთ მიღებული გადაწყვეტილების შესრულების გეგმა და მის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები.
დამატებით, გაითვალისწინეთ, რომ გამოკითხულთა 54% უთითებს, რომ არ უნდათ შეხვედრები ერთმანეთის მიმდევრობით ერთსა და იმავე დღეს ჰქონდეთ, ხოლო 28% აღნიშნავს, რომ პირიქით, ურჩევნიათ ერთ დღეს დაასრულონ ყველა შეხვედრა. ამ მონაცემების ანალიზი და თქვენი გუნდისთვის მისაღები ფორმატი შეიძლება დაგეხმაროთ შეხვედრების კალენდრის უკეთ დაგეგმვაში.
4. უკეთესი ბრეინსტორმინგი;
გამოკითხულთა 58% უთითებს, რომ ბრეინსტორმინგისთვის საუკეთესო საშუალება არის პირისპირ შეხვედრები, 21% - ონლაინ შეხვედრები, 10% - საკომუნიკაციო პლატფორმები, 5% - საერთო დოკუმენტები, რომელშიც მუშაობა ერთდროულად შეუძლია გუნდის ყველა წევრს.
სიახლე არ არის, რომ საუკეთესო იდეები მაშინ იქმნება, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ პირისპირ შეხვედრისას ერთმანეთი საკუთარი ენერგიებით შთააგონონ. კრეატიული და ინოვაციური აზროვნება, ყველაზე ეფექტურია როდესაც ხდება რეალურ დროში სხვებთან ერთად.