გავრცელებული შეხედულების თანახმად, პროკრასტინაციის გამომწვევი მიზეზები მუშაობის სურვილის და ყურადღების ნაკლებობაა. მიუხედავად ამ მოსაზრების პოპულარობისა, ფსიქოლოგები კვლევებზე დაფუძნებით უთითებენ, რომ პროკრასტინაცია შეიძლება გამოწვეული იყოს ემოციების და განწყობის მართვის პრობლემით. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, პროკრასტინაცია არა დროის მართვის, არანედ, ემოციების მართვის პრობლემაა.
ფსიქოლოგების მოსაზრებით, პროკრასტინაციის მიღმა ამგვარი ფიქრები იმალება - თქვენ წარმოიდგენთ როგორი იქნება მომავალი, როგორ იგრძნობთ თავს კონკრეტული დავალების შესრულებისას და რომ ამ დავალების შესრულება სტრესული და რთული იქნება. ჩვენი გონება ავტომატურად თავდაცვის რეჟიმში გადადის და თავიდან გვარიდებს ამ ცუდ შეგრძნებებს, ამის გამო კი თავს ვარიდებთ დავალების შესრულებას.
ამ ყველაფერს ქვეცნობიერი დამოუკიდებლად აკეთებს. თუმცა მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებისას, ჩვენ თავიდან ვირიდებთ უარყოფითთან ერთად დადებით ემოციებსაც, მაგალითად, დავალების შესრულებისას წარმატების და კმაყოფილების გრძნობებს. პროკრასტინაციას იწვევს უარყოფითი ემოციები, როგორიცაა შფოთვა, მოწყენილობა, იმედგაცრუება, უარყოფა.
Fastcompany გვიზიარებს რამდენიმე რჩევას პროკრასტინაციის დასამარცხებლად:
- სტრესის ქვეშ ყურადღების მოკრება;
სტრესულ სიტუაციებში პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად სხვადასხვა მეთოდები შეგიძლიათ გამოსცადოთ, მაგალითად, შესასრულებელი დავალებების ჩამოწერა, იმ დავალებების შესრულება, რომლებსაც ნაკლები ენერგია და დრო სჭირდებათ. პატარა დავალებისთვის თავის გართმევით შეიძლება მოიკრიბოთ ენერგია დიდი დავალებების შესასრულებლად.
სცადეთ შესვენების აღება, გაისეირნეთ ფეხით, ესაუბრეთ მეგობარს, გააკეთეთ რაიმე, რაც სამსახურს არ უკავშირდება.
- სხვა საქმის გაკეთება;
პროკრასტინაციის საკმაოდ გავრცელებული სახეა მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი დავალების ნაცვლად სხვა საქმეების შესრულება.
პროკრასტინაციის ამ ფორმის დასამარცხებლად, მთავარია შეამჩნიოთ, რომ ამგვარად იქცევით. გააანალიზეთ შესასრულებელი საქმეები და განსაზღვრეთ რომელი დავალებაა ყველაზე პრიორიტეტული. სამუშაო დღის ბოლოს გადახედეთ სიას და დააკვირდით რა გააკეთეთ პრიორიტეტული დავალების შესასრულებლად.
- გარემო ფაქტორების შექმნა;
კვლევებით დასტურდება, რომ თბილი ტემპერატურა ადამიანებს ეხმარება ყურადღების მოკრებაში. პროდუქტიულობას ზრდის დღის სინათლეც. ერთ-ერთ კვლევაში მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დასაქმებულთა 70% უფრო მეტად პროდუქტიული იყვნენ, როდესაც პირდაპირი შეხება ჰქონდათ დღის სინათლესთან.
ყურადღების მოკრებაში შეიძლება დღის მანძილზე ვარჯიშიც დაგეხმაროთ. FastCompany-ის მიერ გაზიარებული კვლევის თანახმად, დასაქმებულები, რომლებიც ვარჯიშობენ 41%-ით უფრო მეტად მოტივირებულები არიან სხვებთან შედარებით.
კიდევ ერთი მეთოდი შეიძლება იყოს დროის დანიშვნა. მოინიშნეთ 20 წუთი და ყოველ 20 წუთიან პერიოდში მიეცით თავს 5-10 წუთით დასვენების უფლება.
წყარო - https://www.fastcompany.com/91022468/why-we-procrastinate-how-to-stop