ლიდერებს შორის დღეს ყველაზე გავრცელებული საერთო აკვიატება და შფოთვაა დასაქმებულების პროდუქტიულობის კლება. ეს შფოთვა ბუნებრივია, რადგან როდესაც იკლებს ეკონომიკის მიმართ რწმენა, მატულობს შფოთვები პროდუქტიულობისა და ეფექტურობის შესახებ. ზოგიერთმა დამსაქმებელმა პროდუქტიულობის წასახალისებლად აგრესიულ მეთოდებს მიმართა, მაგალითად, გააქრო პანდემიის პერიოდში დანერგილი ბენეფიტები, თანამშრომლები დააბრუნა ოფისში, გააუქმა მენტალური კეთილდღეობის დღეები და სხვა. ლიდერთა მეორე ნაწილმა კი მოძებნა თანამშრომლების პროდუქტიულობის გაზრდის ალტერნატიული და უფრო ეფექტური გზა - მათი აღიარება.
Workhuman-ისა და Gallup-ის ახალი კვლევის თანახმად, დამსაქმებლები, რომლებიც აღიარებენ დასაქმებულების შრომას, აქვთ პროდუქტიულობის და სხვა ბენეფიტების უფრო მაღალი მაჩვენებლები. კომპანიებს, რომლებმაც სხვადასხვა მეთოდებით გაზარდეს თანამშრომელთა აღიარება, 9%-ით გაეზარდათ პროდუქტიულობა, 22%-ით შემცირდა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული შემთხვევები, ასევე 22%-ით შემცირდა სამსახურის გაცდენის შემთხვევები. ამგვარი მიგდომა მათ დაეხმარათ დასაქმებულებში შემცირებულიყო გამოფიტვა და გადაწვა.
დასაქმებულთა აღიარება ერთი შეხედვით მარტივი ჟესტია, რომელსაც შეიძლება დიდი შედეგები მოყვეს. აღიარება არის დამსაქმებლის მიერ შესრულებული საწმის გულწრფელი დაფასება, აღიარება იმის თუ ვინ არის თანამშრომელი და რას აკეთებს ის კომპანიისთვის. სწორად დაგეგმილი პროცესის შემდეგ, დასაქმებულმა უნდა იგრძნოს, რომ მას ხედავენ კომპანიაში, აღიარებენ და აფასებენ მის უნიკალურ შესაძლებლობებს.
აღიარება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მადლობის გადახდა. ის უფრო მეტად ამოტივირებს დასაქმებულებს და პირდაპირ განაპირობებს მათ გაზრდილ ჩართულობას და მონდომებას.
Fortune გვიზიარებს სამ რჩევას კომპანიაში იმგვარი კულტურის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც აფასებს აღიარების ძალას:
1. მიეცით აღიარებას საჯარო სახე - აღიარება განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც ხდება არა პირადად, არამედ - საჯაროდ. ამ დროს ირთვება ე.წ. „მოწმის ეფექტი“, რაც ზრდის აღიარების გავლენას. შეგიძლიათ გამოიყენოთ საერთო საკომუნიკაციო ჯგუფები, მაგალითად Facebook, Slack ან Microsoft Teams-ის ჯგუფები, სადაც ყველა თანამშრომელია გაწევრიანებული.
2. ფორმალური სწავლება - მიეცით ფორმალური ცოდნა ლიდერებს, ჩაატარეთ ტრენინგები და ასწავლეთ მათ თუ როგორ უნდა გასცენ პერსონალიზირებული და ღირებული უკუკავშირი. რაც უფრო სპეციფიკური და კონკრეტული იქნება აღიარების მესიჯი, მას უფრო დიდი გავლენა ექნება დასაქმებულზე. ეს ერთგვარი ქოუჩინგის საშუალებაცაა. რაც უფრო სპეციფიკური იქნება თქვენი მადლობა, თანამშრომელს უფრო მეტად გაუჩნდება იგივეს გაკეთების სურვილი.
3. აღიარებას დაუკავშირეთ ფინანსური ბენეფიტები - მიუხედავად იმისა, რომ კვლევის თანახმად, ფინანსური ფაქტორის მიუხედავად აღიარება ყოველთვის წარმატებულია. ყველაზე დიდი შედეგი დადგება მაშინ, როდესაც მონაცვლეობით გამოიყენებთ ფინანსურ და არაფინანსურ აღიარებას.
წყარო - Employee recognition is the secret to productivity | Fortune