წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია - სამსახურში ერთი თანამშრომელი მუდმივად გაღიზიანებთ. მეტიც, ის ყოველთვის ნეგატიური განწყობით გამოირჩევა, მუდმივად საუბრობს მხოლოდ საკუთარ მიღწევებზე, უარს ამბობს გუნდურად მუშაობაზე და გუნდთან შეთანხმების გარეშე იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს.
Fobres გვიზიარებს 5 რჩევას როგორ გავუმკლავდეთ კონფლიქტურ კოლეგას სამსახურში:
1. შეარჩიეთ სწორი დრო;
არ დაიწყოთ კონფლიქტის მოგვარების მიზნით საუბარი კონფლიქტის მომენტში. დიდი ალბათობით, თქვენი მყისიერი რეაქციის და უკუკავშირის პასუხად ემოციურ პასუხს მიიღებთ. ეს არ იქნება პროდუქტიული დიალოგი. თუმცა, მეორე მხრივ, თუ დიდხანს არ დაიწყებთ კოლეგასთან კონკრეტული პრობლემის განხილვას, შეიძლება გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გვიანიც იყოს.
კონფლიქტზე საუბრის დასაწყებად აჯობებს ცოტა დრო გავიდეს. თანამშრომელი შეგიძლიათ დაპატიჟოთ არაფორმალურ გარემოში და განიხილოთ წარმოქმნილი კონფიქტური სიტუაცია.
2. ყურადღება გაამახვილეთ ფაქტებზე;
გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად იყავით ობიექტური. ამ გზით, თანამშრომელი არ ჩათვლის, რომ არასწორად გესმით მისი გრძნობები ან არასწორ დასკვნებს აკეთებთ. ყურადღება გაამახვილეთ ფაქტებზე, რეალურ შემთხვევებზე, რასაც პირადად შეესწარით და არა ამბებზე, რომლებიც სხვა თანამშრომლებისგან გაგიგიათ.
საუბარი დაიწყეთ სიტყვებით „მე ვგრძნობ“ და არა „შენ ეს არასწორად გააკეთე“. მაგალითად, „გუშინ როდესაც შეხვედრაზე ჩემი საწინააღმდეგო პოზიცია წამოაყენე, ვთვლი, რომ ამით დააკნინე ჩემი როლი, მე არ მქონდა ჩემი მოსაზრებების ვრცლად და თანაბრად გამოხატვის შესაძლებლობა“. ყურადღების ფაქტებზე გამახვილებით, თავიდან აიცილებთ მიკერძოებას, გრძნობებზე საუბრით კი მეორე მხარეს აჩვენებთ განსხვავებულ პერსპექტივას.
3. ყურადღება გაამახვილეთ პრობლემის გადაჭრაზე;
თანამშრომელთან კოფლიქტური სიტუაციის მოგვარებისას ყველაზე მნიშვნელოვანია შეძლოთ მუშაობის ერთად და ეფექტურად გაგრძელება. კონფლიქტზე საუბარი არ უნდა გადაიზარდოს უსარგებლო განხილვაში, რომელიც უფრო მეტად დაამძიმებს სიტუაციას.
4. მოუსმინეთ აქტიურად;
აქტიური მოსმენა ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციის მოგვარების, კრიტიკული უკუკავშირის გაცემის აუცილებელი ნაწილია. კომუნიკაციის ეს ტექნიკა დაგეხმარებათ გაკიცხვის გარეშე მოუსმინოთ კოლეგის პერსპექტივას. პასუხის გასაცემად მოსმენის ნაცვლად, მოუსმინეთ იმისთვის, რომ გაიგოთ მისი პოზიციაც, დაუსვით ღია შეკითხვები სრული წარმოდგენის შესაქმნელად.
5. თუ არაფერი არ ამართლებს, მიმართეთ მენეჯერს;
ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი ტოქსიკური ადამიანია, ვისთან კონფლიქტის მოგვარებაზე საუბარი შეუძლებელია, მიმართეთ მენეჯერს და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. თქვენი მიმართვის საფუძველზე ისინი თავად გადაწყვეტენ საჭიროა მედიატორების ჩართვა თუ შესაძლებელია პრობლემის ინდივიდუალურად მოგვარება.
წყარო - https://www.forbes.com/sites/rachelwells/2023/10/31/5-ways-to-resolve-conflict-with-a-difficult-colleague/?sh=216f29968eb6