პანდემიისშემდგომ მსოფლიოში აქტიურად განიხილება დისტანციური, ჰიბრიდული და ტრადიციულად, ოფისიდან მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
კომპანიების ნაწილი ეწინააღმდეგებიან დისტანციურად მუშაობის იდეას, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ დასაქმებულის პროდუქტიულობას. გარდა ამისა, ჰიბრიდული და დისტანციური მუშაობის მოწინააღმდეგეთა აზრით, თავს იჩენს ტაქტიკური პრობლემებიც - დისტანციურად მუშაობისას უფროსი მოკლებულია თანამშრომელზე დაკვირვების და საჭიროების შემთხვევაში მიმართულების მიცემის ფიზიკურ შესაძლებლობას. საწინააღმდეგო პოზიციის წარმომადგენლები უთითებენ, რომ თანამედროვე სამყაროში მრავალი ინოვაციური გზა არსებობს დასაქმებულთან დისტანციურად დასაკავშირებლად და მის სამართავად.
Forbes გვიზიარებს სამ მნიშვნელოვან კვლევას, რომლებიც აქარწყლებენ მოძველებულ შეხედულებებს დისტანციურად მუშაობის არაპროდუქტიულობის შესახებ:
- Prodoscore-ის მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზის საფუძველზე, კომპანიის პრეზიდენტი თვლის, რომ თუ დასაქმებული პროდუქტიულია ოფისში, ის პროდუქტიული იქნება დისტანციურად მუშაობისას და პირიქით, თუ დასაქმებული თავს არიდებს მუშაობას ოფისში, ის ანალოგიურად იმუშავებს სახლიდან.
Prodoscore-მა 300’000-მდე დასაქმებულის მონაცემების ანალიზით დაასკვნა, რომ პანდემიის პერიოდში დისტანციურად მუშაობისას პროდუქტიულობა გაიზარდა 5%-ით.
- Owl Labs-მა კვლევის შედეგების საფუძველზე დაადგინა, რომ დისტანციურად და ჰიბრიდულად მომუშავე დასაქმებულები 22%-ით უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ოფისში მომუშავე დასაქმებულები. გარდა ამისა, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დისტანციურად მუშაობისას თანამშრომლებს აქვთ ნაკლები სტრესი, უფრო მეტად არიან ფოკუსირებული შესასრულებელ სამუშაოზე და უფრო მეტად პროდუქტიულები არიან.
დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობამ დასაქმებულებს მისცა პირადი ცხოვრების და სამსახურის დაბალანსების, ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის საშუალება.
- Ergotron-მა კვლევის ფარგლებში გამოიკითხა სრული განაკვეთით დასაქმებული 1’000-მდე დასაქმებული. კვლევის შედეგების ანალიზით, დადგინდა, რომ დასაქმებულები მეტად შეეჩვივნენ დისტანციურად მუშაობის კოვიდის შემდგომ პერიოდში. გამოკითხულთა 56% მიუთითა, რომ გაუმჯობესდა მათი მენტალური ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრების და სამსახურის ბალანსი და ისინი უფრო მეტად კავდებიან ფიზიკური აქტივობებით. გამოკითხულთ 88% უთითებს, რომ სახლიდან და ოფისიდან მუშაობის მოქნილი განრიგის გამო გაიზარდა სამსახურით კმაყოფილება.