გასულ წელს, ბილ გეითსმა საკუთარ ალმა მატერში სტუმრობისას, ბევრი ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი ხედვა და ღირებულებები განაპირობებს მენეჯერის წარმატებას.
Microsoft-ის დამფუძნებელმა თავის ცხოვრებასა და ბიზნესში მიღებული გაკვეთილებიდან მსმენელებს გაუზიარა ერთი, და მისი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც მენეჯერებს ბიზნესის უკეთ წარმართვაში დაეხმარება - ეს საქმის დელეგირებაა.
Microsoft-ის დაფუძნების პირველ წლებში, არც ბილ გეითსისთვის ყოფილა მარტივი სხვისთვის საქმის გადაბარება. კომპანიის ზრდასთან ერთად გეითსის პასუხისმგებლობებიც იმატებდა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა, რომ მას საქმის დელეგირება უნდა ესწავლა. ის მიხვდა, რომ კომპანია ვერ იქნებოდა მდგრადი თუ პროგრამისტები მხოლოდ მისი შეხედულებისამებრ დაწერდნენ კოდს.
სამუშაოს წარმატებით დელეგირების 5 გზა
წარმოუდგენელია, რომ ცალკეული ადამიანის შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებისთვის საკმარისი იყოს. ამიტომ, მენეჯერებმა უნდა ისწავლონ დელეგირება რომ არ აიღონ მთელი სამუშაოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ამაში მენეჯერს კი კარგი გუნდი და ორმხრივი ნდობა ეხმარება.
დელეგირებისას მენეჯერეს დიდი მოთმინება სჭირდება. თუმცა ეს მოთმინება ღირს, რადგან საქმის დელეგირებისას თანამშობლები საჭიროდ, ძლიერად და კომპანიის მნიშვნელოვან წევრებად გრძნობენ თავს.
გთავაზობთ ბილ გეიტსის სამუშაოს წარმატებით დელეგირების 5 გზას:
1) ახსნა „ რატომ?“
გუნდის წევრებს ხშირად არ ესმით, თუ რატომ არის კონკრეტული სამუშაოს შესრულება მნიშვნელოვანი საერთო საქმისათვის და ვერ ხვდებიან, რამდენად შეესაბამება მათი კვალიფიკაცია და უნარები ამ დავალებას. მენეჯერები, რომლებიც კარგად ახერხებენ სამუშაოს დელეგირებას, გუნდის წევრებს უხსნიან, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული დავალება და რაში დაეხმარება ის საერთო საქმეს. კონკრეტული ამოცანის მნიშვნელობისა და უნიკალურობის ახსნა არის თანამშრომლის მოტივაციისა და საქმეში ჩართულობის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
2) ცხადი მიზნები და მოლოდინები
თანამშრომლის ერთგულებასა და საქმეში ჩართულობას შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკისა და საბოლოო მიზანის ცხადად ახსნა იწვევს. ცხადად ახსნაში კი კომუნიკაციის ის მეთოდი იგულისხმება, რომელიც მას საქმის ბოლომდე გაგებაში დაეხმარება. იმისათვის, რომ მენეჯერი დარწმუნდეს, რამდენად კარგად ესმის თანამშრომელს შესასრულებელი საქმე კარგად უნდა აუხსნას ამოცანის მიზანი და მისი შესრულების გზები, შემდეგ კი გაამეორებინოს, თუ რა გაიგო ახსნილიდან. სწორედ ასე შეიქმნება ცხადი მიზნები და მოლოდინები.
3) სწორი ადამიანი
მნიშვნელოვანია, მენეჯერმა საქმე სწორ ადამიანს გადააბაროს. მან ყურადღება უნდა მიაქციოს როგორც მის გამოცდილებასა და განათლებას, ასევე მის სამუშაო სტილს, ამისთვის კი მენეჯერი გუნდის წევრებს კარგად უნდა იცნობდეს. ამასთან, მენეჯერმა უნდა იცოდეს, თუ რა დატვირთულობა აქვს კონკრეტულ თანამშრომელს და შეძლებს თუ არა ის ახალი ამოცანის შესრულებას.
4) შედეგზე ორიენტირებულობა
მენეჯერმა დელეგირებისას უნდა დაივიწყოს მიკრომენეჯმენტი და აქცენტი უნდა გააკეთოს მხოლოდ შედეგზე. ასეთი ხედვით, მენეჯერი თანამშრომელს მისცემს თავისუფლებას, გამოიყენოს მუშაობის საკუთარი სტილი. გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლებას, თუნდაც რაღაც დონის კონტროლთან ერთად, მივყავართ კონკრეტული საქმის წარმატებასთან, მენეჯერსა და თანამშრომელს შორის ნდობასა და თანამშრომელის საქმეში ჩართულობასთან.
5) აღიარება
ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, თანამშრომლებს უნდათ, რომ მენეჯერები მათ კარგად შესრულებულ საქმეს აღნიშნავდნენ. ადამიანებს აღიარება სურთ. ამ დროს ტვინში გამოიყოფა ქიმიური ნივთიერება, ნეიროტრანსმისტერი დოპამინი, რომელიც ასტიმულირებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც კმაყოფილებასა და სიამოვნებაზეა პასუხისმგებელი. კარგად შესრულებული სამუშაოს აღნიშვნა ბიზნესს განვითარებაში ეხმარება. Achievers-ის კვლევის მიხედვით, სადაც მონაწილეობა 1,154-მა ადამიანმა მიიღო, მენეჯერის მხრიდან კარგად შესრულებული სამუშაოს შეუმჩნევლობა არის თანამშრომლების მიერ კომპანიის დატოვების სამი მთავარი მიზეზიდან ერთ-ერთი.