ვიდეო კონფერენციების ჩატარების კულტურა 20 წელზე მეტია რაც არსებობს. პანდემიამდე, მაშინ როდესაც შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი პირი ფიზიკურად დასწრებას ვერ ახერხებდა, თავის გუნდს ვიდეოზარის საშუალებით უკავშიდებოდა. თუმცა დღეს, შეხვედრების 100% ვირტუალურია. ეს კი ისეთ პრობლემებს იწვევს, რომლის გადაჭრაც ტექნოლოგიებს არ შეუძლია.
პრობლემა ადამიანებშია, კონკრეტულად კი იმ ფაქტში, რომ ჩვენ არც სოციალურად და არც ემოციურად არ ვართ საკმარისად განვითარებული იმისთვის, რომ მსგავსი იზოლაცია შევძლოთ. ადამიანის კეთილდღეობა და პროდუქტიულობა მეტწილად ფიზიკურ სიახლოვესთან არის დაკავშირებული. მისმა ნაკლებობამ, დროთა განვალობაში, ადამიანს შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს, სოციალური დისტანციის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი კი სიცილია.
ჩვეულებრივ, ადამიანი დღეში 18-ჯერ იცინის, აქედან 97% შემთხვევაში - სხვებთან ერთად. ანუ, იმის ალბათობა, რომ ადამიანი გაიცინებს 30-ჯერ მეტია მაშინ, როდესაც ის სხვებთან ერთად არის. დაფიქრდით, როდის გაიცინეთ მარტო ყოფნისას ბოლოს ხმამაღლა? ახლა იმაზე დაფიქრდით, თუ რამდენად სასაცილოა ის, რაზეც მეგობრებთან ერთად იცინით ხოლმე? კვლევების მიხედვით, იმის 80% რაზეც ადამიანი სხვებთან ერთად იცინის, სულაც არ არის სასაცილო.
ადამიანები იცინიან იმიტომ, რომ სხვებიც იცინიან; ადამიანები იცინიან იმისთვის, რომ სხვებთან ერთად იცინონ. სიცილი, მთქნარების მსგავსად, გადამდებია. ამიტომაც ისმის კომედიური ტელეშოუების უმრავლესობაში ჩაწერილი სიცილის ხმა.
სხვებთან ერთად სიცილი მხოლოდ ქცევის ფორმა არ არის. სიცილის დროს ჩვენი ორგანიზმი ორ მნიშვნელოვან ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფს. სიცილის დროს, ადამიანის ჰიპოფიზი გამოყოფს ენდორფინს, რომელიც საბოლოოდ სისხლის საშუალებით ტვინსა და ხერხემალს მიეწოდება. ენდორფინი არის პოლიპეპტიდი, რომელიც ტვინში ოპიოიდურ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებს. ისინი ხელს უწყობენ ტკივილის შემცირებას და იწვევენ სიამოვნების შეგრძნებას. კვლევების მიხედვით, ადამიანი რამდენიმე წუთიანი სიცილის შემდეგ 15%-ით ნაკლებ ტკივილს განიცდის.
მეორე ნივთიერება, რომელსაც ჩვენი ტვინი სიცილისას გამოყოფს, დოპამინია - ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ეიფორიის შეგრძნებას იწვევს. დოპამინი აძლიერებს სწავლის უნარს, მოტვაციასა და ყურადღებას. ფაქტობრივად, სიცილი მთელი ორგანიზმისთვის სასარგებლოა და ამ პროცესში ჩართული ნეიროქიმიკატები აუმჯობესებენ იმუნურ სისტემას, ამსუბუქებენ სტრესს, ზრდიან ტკივილის მიმართ ამტანობას, აუმჯობესებენ კარდიოვასკულარულ ჯანმრთელობას, ამცირებენ შფოთვას, აჩენენ დაცულობის შეგრძნებას და აუმჯობესებენ ხასიათს. ამას გარდა, სიცილი მაღალ მოტივაციასთან და მუშაობის დროს პროდუქტიულობასთან ასოცირდება.
ახლა დავუბრუნდეთ Covid-19-ს.
იზოლაცია, რომელიც ვირუსისგან თავის დასაცვად აუცილებელია, აფერხებს სოციალიზაცურ კომუნიკაციას, ამცირებს სიცილს და შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმშიც ფერხდება აუცილებელი ქიმიური ნივთიერებების გამომუშავება. უარესიც, ის სტრესი და შიში, რომელსაც ადამიანი მარტო ყოფნისას განიცდის ორგანიზმში არსებულ ნივთიერებებს არასწორი მიმართულებით მიმართავს. შიშის, საფრთხისა და სტრესის დროს თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს კორტიზოლს, გლიკოკორტიკოიდების ჯგუფის ჰორმონს. ადამიანის ორგანიზმში არსებულ თითქმის ყველა უჯრედს აქვს კორტიზოლის რეცეფტორები, რის გამოც მისი ეფექტი ფართოდ ვრცელდება. ბევრ კორტიზოლს შეუძლია წონაში მატება, თავის ტკივილი, გაღიზიანება, დაღლილობა, კონცენტრაციის ნაკლებობა და სისხლის მაღალი წნევა გამოიწვიოს.
როგორ უნდა მოიქცნენ გუნდის მენეჯერები, ამ ეფექტის თავიდან ასაცილებლად? სამსახურზე საუბრისას, რთულია წარმოიდგინო, რომ მას ადამიანის სხეულისა და ტვინის ქიმიურ შემადგენლობაზე მოქმედება შეუძლია. დღევანდელ მარტოობაში და ვირტუალურ სამუშაო გარემოში აუცილებელია, მენეჯერებმა ბევრი იცინონ გუნდის წევრებთან ერთად და შეამცირონ სტრესი. ეს არ ნიშნავს, რომ მენეჯერი კომიკოსი უნდა გახდეს. თუმცა, ეს ნიშნავს იმას, რომ მან გუნდში სიცილის გამოწვევაზე უნდა იმუშაოს.
გთავაზობთ 5 ნაბიჯს, რომელიც მენეჯერებს სიცილის გამოწვევაში დაეხმარებათ:
1. შენელება. მენეჯერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყველა ვირტუალური საუბარი რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური უნდა იყოს. ეს არასწორი მიდგომაა მაშინ, როდესაც ადამიანებს კომუნიკაცია მხოლოდ ვირტუალური არხების საშუალებით აქვთ. დღევანდელ სიტუაციაში, მენეჯერების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება, არა მხოლოდ საქმის კარგად შესრულება, არამედ გუნდის წევრების სოციალური, ფსიქოლოგიური და ემოციური დაკავშირებაა. სიცილი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ადამიანებს შორის ემოციური კავშირის დასამყარებლად. თუმცა, ამისათვის დრო და სივრცეა საჭირო, რომელიც სწრაფი ვიდეო ზარების დროს არ არსებობს.
2. გამართული ვიდეო. ადამიანები სიცილის დროს კარგად აღიქვამენ სხვების ვიზუალურ მხარეს. რაც უფრო მეტის დანახვის საშუალება ეძლევათ ადამიანებს, უკეთესია. ამ მიზეზის გამო, მენეჯერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ვიდეო ზარში ჩართული ყველა ადამიანი მას კარგად ხედავს, რადგან კარგი გამოსახულება სიცილის ეფექტს აძლიერებს.
3. გაღიმება და მაღალი ტემბრით საუბარი. ადამიანები მენეჯერებს შეხვედრის დროს ბუნებრივად აკვირდებიან, რომ მათ გამომეტყველებაში ამოიცნონ სიგნალები. მაგალითად ის, რომ ახლა სიცილი ნებადართულია. ყველაზე მარტივი გზა ამ სიგნალის მისაწოდებლად ღიმილია. ამასთან, მნიშვნელოვანია ხმის ტემბრიც.
4. მაგალითის მიცემა. მთქნარების მსგავსად, სიცილი სიცილს იქვევს. ასე რომ, ყველაზე ძლიერი მექანიზმი სიცილის გამოსაწვევად, თავად მენეჯერის სიცილია. ამასთან, ადამიანებს როგორც ნამდვილ და ყალბ ღიმილს შორის შეუძლიათ განსხვავების დანახვა, ასავე შეუძლიათ გაარჩიონ ნამდვილი და ყალბი სიცილი - რასაც საბოლოო რეკომენდაციამდე მივყავართ.
5. ხასიათი. მენეჯერებმა პირველ რიგში საკუთარი ხასიათის გამოსწორება უნდა დაიწყონ. სიცილი უფრო მარტივია მაშინ, როდესაც მენეჯერიც იცინის და არა მაშინ, როდესაც იგი თავისი გუნდის წევრებსZoom-ის ფანჯრიდან ცივი სახით უყურებს. მენეჯერებმა პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა გააცინონ - თუნდაც შეხვედრის დაწყებამდე რაიმე სასაცილო ვიდეორგოლის ნახვით.
იმედია, ადამიანები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინას მალე გამოიგონებენ და მალევე შევძლებთ ერთმანეთთან სრულფასოვან კომუნიკაციას. ალბათ, კრიზისის შემდეგ ადამიანების დიდი ნაწილი ისევ სახლიდან იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცილის ნაკლებობის თემა კვლავ აქტუალური იქნება. ტექნოლოგიური განვითარება ნეიროქიმიას და სოციალურ ქცევას ვერასდროს ჩაანაცვლებს. ამიტომაც 20 ან თუნდაც 200 წლის შემდეგაც, მენეჯერებმა უნდა იმუშაონ იმაზე, რომ გუნდში სიცილი გამოიწვიონ,