Gallup-ის უახლესი კვლევის თანახმად, დასაქმებულების 77% არ არის ჩართული სამუშაო პროცესებში. კვლევები ადასტურებენ დასაქმებულების ჩართულობის და პროდუქტიულობის ურთიერთმიმართებას მომხმარებლების კმაყოფილებასთან, დასაქმებულების გადინების და კომპანიის მოგების მაჩვენებლებთან. ჩართულობის პრობლემის გამომწვევი მიზეზი ხშირად, გუნდის მენეჯერია. კომპანიის მომავალი კითხვისნიშნის ქვეშ დგება, თუ თქვენს თანამშრომლებს სწორი ადამიანები არ მართავენ.
Forbes გვიზიარებს რამდენიმე რჩევას, რაც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ გაზარდოთ დასაქმებულების ჩართულობა სამუშაო პროცესში და შეინარჩუნოთ ისინი:
- მენეჯმენტის შერჩევისას იყავით განსაკუთრებით კრიტიკულები. ყველას არ აქვს ლიდერობისთვის საჭირო უნარები. შეთავაზების გაკეთებამდე ან თანამშრომლის მენეჯერად დაწინაურებამდე, დაუსვით თქვენს თავს კითხვა, იგრძნობდით თუ არა თავს კომფორტულად ეს ადამიანი, რომ თქვენი უფროსი იყოს. თუ ცოტათი მაინც დაყოვნდებით დადებითი პასუხის გაცემაზე, არ შესთავაზოთ ამ ადამიანს მენეჯერის პოზიცია;
- დახარჯეთ უფრო მეტი დრო და თანხა კომპანიის ღირებულებებთან შესაბამისი სწორი ადამიანების პოვნაში;
- ლიდერებს მიეცით ქოუჩინგის შესაძლებლობა, ეს დაეხმარებათ განვითარებაში;
- გაათავისუფლეთ კომპანია იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც არ მუშაობენ. ყველამ კარგად ისიც ვინ არიან ეს თანამშრომლები. დროა შეწყვიტოთ კონფლიქტებისთვის თავის არიდება და იმოქმედოთ;
- დასაქმებულების დაქირავებისას ჩაუტარეთ მათ ონბორდინგი. სამსახურის შეთავაზების გაგზავნამდე, შეადგინეთ ონბორდინგის გეგმა;
- მიეცით დასაქმებულებს გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება. თუ თქვენ სწორი ადამიანები შეარჩიეთ, მზად უნდა იყოთ მათთვის პასუხისმგებლობების გადანაწილებისთვის, მიეცით მათ საკუთარი საქმის დამოუკიდებლად კეთების შესაძლებლობა;
- შესთავაზეთ დასაქმებულებს სამართლიანი ანაზღაურება. არაფერია დაბალ ანაზღაურებაზე დიდი დემოტივატორი. გადახედეთ თქვენს სახელფასო ბადეებს და ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შეცვალეთ ანაზღაურების ოდენობა;
- დასაქმებული უნდა იყოს თქვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი. ამ მიდგომის საპასუხოდ, დასაქმებულებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი მომხმარებელი იქნება.
რიცხვები არ ტყუიან, 77% ბიზნესებისთვის კატასტროფული მაჩვენებლია. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ დამსაქმებლებს შეუძლიათ ამ რეალობის ცვლილება. ინვესტიცია ჩადეთ თქვენს დასაქმებულებში, იზრუნეთ მენეჯერების განვითარებაზე და შექმენით გარემო, სადაც დასაქმებულები ჩართულები არიან სამუშაოს შესრულების ყოველდღიურ პროცესებში.
წყარო - https://www.forbes.com/sites/robertamatuson/2024/07/09/how-to-create-a-more-engaged-workforce/