ვის უნდა დაუკავშირდეთ, როდესაც ახალი სამსახურის მოძებნა გსურთ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად Harvard Business Review-მ გააანალიზა 20 მილიონამდე ადამიანების მონაცემები და შეისწავლა, როგორ გავლენას ახდენს სხვადასხვა ტიპის კავშირები სამსახურის ცვლილებაზე.
კავშირები, რომლებიც ყველაზე სასარგებლოა ახალი სამსახურის პოვნისთვის, როგორც აღმოჩნდა, ე.წ. სუსტი კავშირებია. ეს ნაცნობები ერთის მხრივ გთავაზობენ თქვენთვის უცნობ და ახალ სოციალურ ჯგუფებს და ინფორმაციას, თუმცა, თქვენთანაც აქვთ საერთო ინტერესები. ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლო კავშირები, როგორიცაა თანამშრომლები, ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები, ყველაზე ნაკლებად გვეხმარებიან სამსახურის პოვნაში. გაცილებით ეფექტურია უფრო შორეული ნაცნობების გამოყენება სამსახურის ძიებისას.
დაკვირვება, რომ სუსტი კავშირები უფრო მეტად გვეხმარება ახალი სამსახურის პოვნაში, ახალი არ არის. სოციოლოგმა, მარკ გრანოვეტერმა ეს თეორია პირველად 1973 წელს განიხილა და შეისწავლა, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის კავშირები სამსახურის პოვნის პერსპექტივაზე. თეორია, სახელით „სუსტი კავშირების ძალა“ სოციალურ მეცნიერებებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი თეორიაა.
მიუხედავად იმისა, რომ „სუსტი კავშირების ძალის“ თეორია დიდი ხანია არსებობს, არასდროს ჩატარებულა კვლევა, რომელიც მონაცემების ანალიზით დაადასტურებდა ჰიპოთეზის ჭეშმარიტებას.
Harvard Business Review-მ კვლევისას გამოიყენა პროფესიონალების ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელის LinkedIn-ის მონაცემები. კერძოდ, ტესტირების ყველაზე გავრცელებული ფორმა - AB ტესტირება. დიდი კომპანიები მუდმივად მუშაობენ ალგორითმების და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე. ისინი არსებულ და ახალ ალგორითმებს ტესტავენ ახალი ექსპერიმენტებით, იმისთვის, რომ უზრუნველყონ ალგორითმის გამართულად მუშაობა ნებისმიერი და ყველა ტიპის მომხმარებლისთვის. სოციალური ქსელების პლატფორმების მასშტაბების გათვალისწინებით, ეს ექსპერიმენტებიც მასობრივია და მოიცავს ათობით მილიონი მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას.
Harvard Business Review-მ გააანალიზა LinkedIn-ის პლატფორმაზე ექსპერიმენტების შედეგები, რომელიც მიზნად ისახავდა “People you may know” („ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა იცნობდე“) ალგორითმის შესწავლას. LinkedIn-ის ეს ფუნქცია, თქვენი არსებული კონტაქტების ანალიზის შედეგად გთავაზობთ ახალ კავშირებს. ექსპერიმენტი მიმდინარეობდა 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით, მის შედეგად შედგა 20 მილიონამდე ადამიანის ნაცნობობის რეკომენდაცია. ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნა 2 მილიარდამდე ახალი კავშირი და 600 000 ახალი სამუშაო ადგილი. ექსპერიმენტში გამიჯნული იყო კავშირების სიძლიერე და სისუსტე, რაზეც დაეფუძნა Harvard Business Review-ს კვლევა.
კაუზალური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სუსტი კავშირების გამოყენების შემთხვევაში, უფრო მაღალია სამსახურის ცვლილების ალბათობა. კვლევის შედეგად, „სუსტი კავშირების ძალის“ თეორიას შეგვიძლია დავამატოთ უკვე მონაცემებით გამყარებული დებულებები:
1. სამსახურის ძიებისას შედარებით სუსტი კავშირები უფრო მეტად გამოსადეგია, ძლიერი კავშირები კი ნაკლებად. მაგალითად, იმ ადამიანთან დაკავშირება, რომელთანაც მხოლოდ ერთი საერთო მეგობარი გყავთ, თითქმის აორმაგებს სამსახურის ცვლილების შანსებს, იმ ადამიანებთან შედარებით, ვისთანაც ათი საერთო მეგობარი გყავთ.
2. სუსტი კავშირების ძალის თეორია განსაკუთრებით ვლინდება IT, ტექნოლოგიურ, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიზაციის სფეროებში. ამის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ინდუსტრიების სწრაფი განვითარებაა. წარმატებისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ დეტალს მიადევნოთ თვალი. სწორედ ამიტომ არის ძლიერი სუსტი კავშირები - ეს კავშირები უზრუნველყოფენ მრავალფეროვან თემებთან და ადამიანებთან დაკავშირებას.
3. კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სუსტი კავშირების გამოყენება უფრო მეტად ეფექტურია იმ სფეროებში, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ. თანამედროვე სამყარო ნელ-ნელა ტრანსფორმირდება ჰიბრიდულ ან დისტანციურად მუშაობის მოდელზე. ამ რეალობაში, სუსტი კავშირების ჩამოყალიბება უფრო მეტად აუცილებელი გახდა წარმატებისთვის.
კვლევის შედეგების ანალიზით, აშკარაა, რა უნდა მოიმოქმედონ სამსახურის მაძიებლებმა. კერძოდ, აქტიურად შეიძინეთ ახალი ნაცნობები, გააფართოვეთ და გაამრავალფეროვნეთ კონტაქტები სოციალურ მედიაში. სუსტმა კავშირებმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინონ სამსახურის ცვლილებისას, დაწინაურებისას თუ ანაზღაურების ზრდისას. სუსტი კავშირები გაძლევენ შესაძლებლობას ახალ ინფორმაციაზე მარტივად გქონდეთ წვდომა, გიხსნიან გზას ახალი კავშირებისკენ და შესაძლებლობებისკენ.
კვლევის შედეგებით დასკვნების გაკეთება შეიძლება დამქირავებელი მენეჯერებისთვისაც. კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტალანტის ძიებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მრავალფეროვანი კავშირების გამოყენებას. ტალანტების შერჩევისთვის უფრო და უფრო მეტი რეკრუტერი იყენებს LinkedIn-ს. მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანია, გაიაზრონ როგორ მუშაობს ეს პლატფორმა და გამოიყენონ მისი შესაძლებლობები. LinkedIn-ის ალგორითმები გაძლევთ საშუალებას ტალანტის ახლო წრეში მოძიების ნაცვლად მაქსიმალურად გააფართოვოთ ძებნის არეალი.
კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს სამსახურის ძიების პროცესში, მენეჯერებისა და სამსახურის მაძიებლების დაკავშირებისას ალგორითმების მნიშვნელობას. ალგორითმებს აქვთ შესაძლებლობა გააუმჯობესონ კომპანიაში შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა, შეცვალონ კომპანიის საოპერაციო მოდელი. აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის მიერ მოძიებული ინფორმაციის დამუშავება და შედეგების ანალიზი, იმისთვის, რომ გამოიკვლიოთ ალგორითმების გავლენა მილიონობით ადამიანზე. მაგალითად, LinkedIn-მა შექმნა შიდა ტექნიკური საშუალებები, რომ დააკვირდეს მის პლატფორმაზე დანერგილი ახალი ფუნქციების და ალგორითმების გავლენებს.
კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური მედიის პლატფორმების, მაგალითად LinkedIn-ის ეფექტურად გამოყენება შეიძლება ალგორითმების მეშვეობით დაგეხმარონ საჭირო კონტაქტებთან დასაკავშირებლად. მიუხედავად იმისა, ხართ სამსახურის მაძიებელი, მენეჯერი თუ რეკრუტერი, ყურადღებით მოეპყარით ონლაინ პროფილის და კავშირების გაზრდას. დაფიქრდით, სანამ უპასუხოდ დატოვებთ LinkedIn-ის შემოთავაზებულ ახალი კონტაქტს. მეორე დონის კავშირები - თქვენი კონტაქტების კონტაქტები თქვენთვის ახალი პორტალია, რომელიც შესაძლებლობების ახალ სამყაროში გადაგიყვანენ.
წყარო - https://hbr.org/2022/12/which-connections-really-help-you-find-a-job